29 დეკემბერს, განათლებისა და ტურიზმის ცენტრისა და ორგანიზაცია “აღმოაჩინე ჭიათურის” თაოსნობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში მდებარე ხვედელიძეებისა და თარო კლდის მღვიმეების სასწავლო-საველე ტური გაიმართა. ტურში ადგილობრივი ახალგაზრდები, მოქმედი გიდები, მოგზაურები და ბრაზილიის ქალაქ რესიფიდან სტუმარი მონაწილეობდნენ.
მღვიმეში მოეწყო სპელეო მასალების ელექტრონული წარდგენა.
“საველე ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სპელეოლოგიის პოპულარიზაცია და აღნიშნულ საქმეში მოსწავლე-ახალგაზრდების ჩართვა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები სხვადასხვა გამორჩეულ მღვიმეში რეგულარულად მოეწყობა. ჭიათურას დიდი პოტენციალი აქვს მღვიმის ტურიზმის მიმართულებით და ვიმედოვნებთ ასეთი აქტივობები სამომავლოდ მეტ დაინტერესებას გამოიწვევს,”-ამბობს თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი დვალაშვილი.