ქუთაისში საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ახალი ცენტრი გაიხსნა
ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მე-4 სართული საქპატენტს 2024 წელს გადაეცა და კომპლექსური სარემონტო სამუშაოების შემდეგ მოეწყო აუდიტორიები, არქივი, ბიბლიოთეკა და საგამომცემლო-პოლიგრაფიული ბაზა, ასევე ცენტრში განთავსებულია სპეციალური საგამოცდო სივრცე. ქუთაისში ცენტრის განთავსება და მისი შესაძლებლობების გაფართოება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ. გახსნის ცერემონიაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, სადაც ახალი სივრცის გახსნას უწყების ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა, რომელიც საქპატენტს შესაძლებლობას მისცემს გააფართოოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პროფესიული განათლებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ჰაბად ჩამოყალიბებას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, WIPO-ს აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) კომისრის მოადგილე რუი ვენბიაო და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი პროფესიული სერტიფიცირებისა და სასწავლო პარტნიორობის მიმართულებით ხავიერ სეუბა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოური ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ახალი სივრცე მნიშვნელოვნად გააფართოებს ცენტრის შესაძლებლობებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. განათლების მიღების, პროფესიული განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ცენტრში უკვე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება, წინასაგამოცდო მოსამზადებელი კურსის გავლა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორების ჩართულობითა და ევროპის საპატენტო უწყების მხარდაჭერით. ცენტრი უმასპინძლებს კონფერენციებს, ტრენინგებს, სემინარებს. სივრცე დაეთმობა, ასევე, საჯარო ლექციებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს.





