"გამარჯვების პლატფორმის" კამპანიის ფარგლებში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარტიის სხვა წევრებთან ერთად, წყალტუბოში, სოფელ უკანეთში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღმართეს.
მათი თქმით, "გამარჯვების პლატფორმამ" დაიწყო სოფლებსა და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები. ამბობენ იმასაც, რომ შეხვედრების მიზანს თითოეულ მოქალაქესთან პირისპირ შეხვედრა, ადგილობრივ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბარი და მოქალაქეებთან ერთად, არჩევნებზე პირველ ადგილას გასვ ლა წარმოადგენს.
"გამარჯვების პლატფორმის" განცხადებით, ყველა სოფელში სადაც მათი გუნდი ჩავა, სიმბოლურად აღმართავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშას როგორც ევროპული, ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლოს.
მათი განცხადებით, დროშების აღმართვას ექნება კამპანიური სახე და იქნება კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპული მომავალი.
"საქართველოს სხვადასხვა სოფელში თუ ქალაქში ევროკავშირის დროშის აღმართვა გახდება სიმბოლო იმის, რომ ხელისუფლების დაჟინებული მცდელობის მიუხედავად ქართველი ხალხი არ დაუშვებს რუსული დროშის აფრიალებას საქართველოში,"-აცხადებენ გაერთიანებაში.