დაიწყებენ თუ არა ჭიათურელი მაღაროელები მასშტაბურ აქციებს, 7 ნოემბერს გახდება ცნობილი.
“როგორც მოგეხსენებათ, დღეს უნდა გამართულიყო შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" აქციონერებს შორის. აღნიშნული შეხვედრა შედგა, სადაც პროფკავშირების მხრიდან ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ სპეციალური რეჟიმის დროს ბანკებმა დროებით (სპეციალური რეჟიმის დასრულებამდე) შეაჩერონ ზედდარიცხული პროცენტები, ჯარიმები და საურავი. ასევე მოითხოვებოდა ხელფასების 60%-ის ნაცვლად 80%-ის გადახდა.
სამწუხაროდ, ამ შეხვედრიდან ზუსტი პასუხები ვერ მივიღეთ. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკითხების განხილვას და ხუთშაბათისთვის საბოლოო პასუხით დაბრუნდებიან ამდენად, ხუთშაბათისთვის უნდა გვქონდეს სრული ინფორმაცია მათი გადაწყვეტილების შესახებ.
ამ პერიოდში ვნარჩუნებთ სიმშვიდეს და მოთმინებით ველით კომპანიის გადაწყვეტილებას. როდესაც ის ცნობილი გახდება, ვიმოქმედებთ შესაბამისად.
მანამდე გთხოვთ, დავრჩეთ მშვიდად და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,”-აცხადებენ მაღაროელები.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის დაბალი ფასის გამო, “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურასა და ზესტაფონში მაღაროების 6 თვით გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თანამშრომლებს ხელფასის 60 პროცენტი შეუნარჩუნდებათ.