ქუთაისელმა ახალგაზრდამ პირველადი სამედიცინო დახმარების მანქანა დააპროექტა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლევანდელმა კურსდამთავრებულმა არჩევანი მომავალ პროფესიაზე შეაჩერა. ელექტრული ინჟინერიის სპეციალობაზე სწავლისას საბა კაშიამ მეოთხე კურსზე ბიოსამედიცინო ელექტრონიკა აირჩია. მედიცინის, ინჟინერიისა და კომპიუტერული პროგრამებისადმი განსაკუთრებული ინტერესის წყალობით, ბიოსამედიცინო ინჟინერიაში პირველი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
პროფესიულ პრაქტიკაზე სასწრაფო სამედიცინო მანქანასა და რეანიმობილში ყოფნის დროს აღმოაჩინა, რომ ტექნიკა მეტად განვითარებას საჭიროებდა, რათა პაციენტებსა და ექიმებზე უფრო მორგებული ყოფილიყო. განსაკუთრებულად პრობლემა მაშინ დაინახა, როცა სასწრაფო სამედიცინო მანქანებს მოუწესრიგებელ გზებზე მოძრაობა უწევდათ და დაშავებული პაციენტების ნაკლები რყევის გარეშე გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა.
„21-ე საუკუნეში, მედიცინის სფეროში ტექნიკის გამართულად მუშაობას პაციენტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. აპარატურას მეტი შეხება აქვს პაციენტთან, ვიდრე ექიმს. ლაბორატორიებშიც ანალიზებს აპარატურა აკეთებს. რადგან ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და სამი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესიების ერთობლიობაა ბიოსამედიცინო ინჟინერიაში, გადავწყვიტე, ამ მიმართულებით ვისწავლო და ვიმუშაო. პირველად, როცა ვნახე ჩვენი მანქანები, არ მომეწონა შიგნით აპარატურის მდებარეობა, პაციენტის გადაყვანის პირობები. მაგალითად, თუ პაციენტს იშემიური ინსულტი აქვს, სანამ ჩვენი რეანიმობილი კლინიკამდე მივა, შეიძლება, ჰემორაგიული ინსულტი დაემართოს. ამიტომ, გადაწყვიტე გამეკეთებინა ისეთი მანქანა, რომელიც უფრო მორგებული იქნებოდა ჩვენს გზებზე და პაციენტებზე“, – იხსენებს საბა ჩვენთან საუბარში.
იმისათვის, რომ იდეა რეალობად ექცია, მან მანქანა გერმანიიდან ჩამოიყვანა და სამაშველო სამსახურისთვის განკუთვნილ ტრანსპორტი სრულად გადააწყო. ტექნიკურად აღჭურვაზე 5 თვის განმავლობაში იმუშავა. მანქანაში გათბობისა და გაგრილების სისტემისა და სათავსოების გარდა, ყველა მოწყობილობა ახლიდან დაამონტაჟა.
„გერმანელების მანქანებიც, რა თქმა უნდა, პაციენტებზეა გათვლილი, მაგრამ იქ ძირითადად ასფალტზე მოძრაობს სასწრაფო. ჩვენთან ბევრი ისეთი ადგილია, სადაც გზა ბოლომდე არ მიდის, ან გზის საფარი დაზიანებულია. ჩემი მანქანა არის აღჭურვილი თანამედროვე უახლესი აპარატებით რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტის 24 საათიან მონიტორინგს (ეკგ, სატურაცია, ტემპერატურა, წნევა, პულსი, ამოსუნთქულ ჰაერში CO2). რადგანაც ფიზიკურად ვერ ხერხდება მანქანაში კარდიოლოგის ტრანსპორტირება, სხვა კვალიფიცირებულ ექიმებთან ერთად, მანქანა ონლაინ უკავშირდება კარდიოლოგს, ის ახორციელებს 12 განხრიან კარდიოგრამაზე დაკვირვებას. ასევე, არის პორტატული ექოსკოპია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ისეთი შემთხვევებში, როდესაც არის კრიტიკული მდგომარეობა. მაგალითად, როდესაც ბრიგადა მივიდა ავტო საგზაო შემთხვევაზე, აღმოჩნდა, რომ მოტეხილი ბარძაყის ძვალი კეტავდა არტერიას, რის შედეგადაც ვითარდებოდა ფეხის ნეკროზი. ამ აპარატმა საშუალება მოგვცა, რომ მიგვეგნო და აღმოგვეფხვრა ეს შემთხვევა. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, სამედიცინო საწოლი ისეა დამონტაჟებული, გადაკვალიფიცირებული, რომ როდესაც მასზე პაციენტი მოთავსდება ის ბერავს თავის ბალიშებს და უზრუნველყოფს პაციენტის უფრო უსაფრთხოდ გადაადგილებას ზედმეტი რყევის გარეშე“, – გვიხსნის საბა.
გარდა შიდა აღჭურვილობისა, მანქანამ გარეგნულადაც განიცადა ცვლილება. კერძოდ, გაძლიერდა ხმოვანი აპარატურა. სირენა, რომელიც დაამაგრეს 200 ვატიანია და სხვა მძღოლებს მისი ხმის გაგონება 500 მეტრის მანძილზე შეუძლიათ.
როგორც საბა გვიხსნის, ეს ერთადერთი მანქანაა საქართველოში, ამ სიმძლავრის ხმოვანი მოწყობილობით. დამაგრებული აქვს სპეციალური ნიშნები, რომლებიც ღამე შუქს ისე ირეკლავს, რომ მანქანას თვალში მოხვდეს და გზა სასწრაფოს საყვირის ჩართვის გარეშე დაუთმონ.
საბას სასწრაფოს მანქანის აღჭურვისთვის 5 თვე დასჭირდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლინიკა „უნიქალ მედს“ შორის არსებული მემორანდუმის დახმარებით, საბას მიერ მოწყობილი მანქანა მალე ჩაეშვა მოხმარებაში. ლიცენზიის მოპოვებაში მას კლინიკა დაეხმარა. საბას სასწრაფომ შემოწმება გაიარა და დღეს სრული დატვირთვით მუშაობს. ფიქრობს, რომ ეს მას აძლევს სტიმულს ბიოსამედიცინო ინჟინერიაში თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს, მეტი ისწავლოს და წარმატებული გახდეს.
„კლინიკასა და უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს სტუდენტებს, პროფესიულად განვვითარდეთ. ის, რომ ჩემი დაპროექტებული მანქანა ხალხის სამსახურშია, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. სტიმულია, რომ კიდევ ახალ იდეებზე ვიმუშაო, არსებული ტექნიკები გავაუმჯობესო და ხელი შევუწყო როგორც პიროვნულ, ისე მეცნიერების განვითარებას. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, მნიშვნელოვანია ხელი შეგვიწყონ და მოგვცენ სტიმული, რომ, ჩვენი საყვარელი საქმე ჩვენს ქვეყანაში ვაკეთოთ“, – ამბობს საბა.
ის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში გეგმავს. კვლევებზე მუშაობას აგრძელებს და აპირებს, რომ სამედიცინო სფეროს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი გაუმჯობესებული მოწყობილობა შესთავაზოს. გარდა ამისა, სურს მსუბუქი ავტომობილის სასწრაფოს მანქანად გადაკეთება, რომელიც პაციენტთან შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმების დროულად მიყვანას უზრუნველყოფს.
საბა ამბობს, რომ ამ იდეის განსახორციელებლად საჭირო ფინანსების მოგროვებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებს და იმედოვნებს, რომ სპონსორები გამოჩნდებიან. სამომავლოდ კი, ქუთაისში საკუთარი ემერჯენს-ცენტრის გახსნას გეგმავს.
EDU.ARIS.GE