რაჭაში, კურორტ შოვის ალტერნატიული კურორტი მოეწყობა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ადგილად მრავალძალი შეირჩა.
ქვეყნის პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად, დღეს მრავალძალში იმყოფებოდა, სადაც დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.
"რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება - ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ის ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის განვითარება, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მათ შორის.
დღეს, ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია ვნახეთ - ეს არის მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის ასევე მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს - ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე არის შესაძლებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად, ვფიქრობთ, ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების სწორად დაგეგმარებაში,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.