ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე გერმანიაში ისწავლის
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის კურსდამთავრებული ნიკოლაი ხალატიანი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სრული სტიპენდიით, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე გერმანიაში ისწავლის.
უნიკალური სამაგისტრო პროგრამა სამი წამყვანი გერმანული უნივერსიტეტის - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM), მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) და აუგსბურგის უნივერსიტეტის - კოლაბორაციით ხორციელდება.
“მიმდინარე აკადემიურ წელს, ამ კონკურენტულ პროგრამაზე, 1,502 საერთაშორისო აპლიკანტიდან მხოლოდ 20 სტუდენტი აირჩა. ნიკოლაი ხალატიანი არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელმაც ამ პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა.
სამაგისტრო კვლევითი ნაშრომის შესრულება შესაძლებელია საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებთან კოლაბორაციაში, მათ შორის MIT-თან, ტოკიოს უნივერსიტეტთან და შვეიცარიის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან.
პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი სპეციალიზაცია - "მონაცემთა ბაზების სისტემები" - ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეორე პოზიციას იკავებს (რეიტინგი). ამ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ ისეთ მსოფლიო ლიდერ კომპანიებში, როგორებიცაა: Oracle, Siemens, BMW Group და მრავალი სხვა,”-აცხადებენ უნივერსიტეტში.
“DAAD-ის სტიპენდია მომენიჭა როგორც აკადემიური, ისე ექსტრაკურიკულური მიღწევების საფუძველზე. ამ პროცესში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩემთვის დიდი ოცნება იყო გერმანიის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი გავმხდარიყავი. იმედი მაქვს, იქ მიღებული გამოცდილება მომავალში საშუალებას მომცემს ცოდნა გავუზიარო სტუდენტებს, რომლებიც ისევე არიან მოტივირებულნი და შთაგონებულნი, როგორც მე," - ამბობს ნიკოლაი ხალატიანი.
აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთია იმ ექვს სტუდენტს შორის, ვინც მიმდინარე წელს DAAD-ის პროგრამამ ასობით კანდიდატს შორის შეარჩია. ეს მიღწევა KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხისა და სტუდენტთა მომზადების მაღალი დონის დამადასტურებელია.

















