რეკლამა

რატომ იკურთხება 19 აგვისტოს ტაძრებში ხილი?

რატომ იკურთხება 19 აგვისტოს ტაძრებში ხილი?

19 აგვისტოს ფერისცვალებაა. ამ დღეს ტაძრებში ახალი ხილი იკურთხება. 

ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს სამადლობელის მიზნით უფალს სწირავდნენ.

სამწუხაროდ, უამრავ ტრადიციას აზრი დაეკარგა, რადგან ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა. მაგრამ ეს კეთილი ტრადიცია ჩვენში დღემდე შემორჩა. მართალია, შეიძლება ჩვენი შრომით არ მოგვყავდეს ესა თუ ის ხილი, მაგრამ მისი შეძენა ხომ იგივე ჩვენი შრომის, შემოსავლის საფუძველზე ხდება.

მოსავლის გარკვეული ნაწილი ეკლესიაში უძველესი დროიდან იწირებოდა. ეს იქნებოდა ხორბალი, რომელსაც სეფისკვერის გამოსაცხობად იყენებდნენ, ყურძენი, საბარძიმე ღვინის დასაყენებლად, ზეთი, კანდელისათვის თუ ცვილი, რომლისგანაც სანთელს ამზადებდნენ. ეს იყო სამადლობელი ღვთისა და შესაწირი ეკლესიისადი.

ფერისცვალების დღესასწაულზე მრევლს ტაძარში მოაქვს ხილი, რომელიც იკურთხება და მას სწირავენ ეკლესიას ან ისევ სახლში მიაქვთ.

ხშირია კითხვა, შეიძლება თუ არა ახალი ხილის ჭამა ფერისცვალების დღესასწაულამდე. ეს აუცილებელიც არის. თუ ვინმეს სურს არავითარი ხილი არ მიიღოს ფერისცვალებამდე, ეს თავის დატანჯვა იქნება. თუ ასეთი სურვილი მაინც გვექნება, კურთხევა მოძღვრისგან უნდა ავიღოთ. საზოგადოდ იმის თქმა, რომ ხილის კურთხევამდე, არც ერთი ხილის ნაყოფის მიღება არ შეიძლება, ეს დიდი უგუნურებაა. უარს ვამბობთ იმაზე, რაც ღმერთმა მოგვცა. დღეს ხილის კურთხევისას წარმოვთქვით ლოცვა, რომ უფალმა შეიწიროს ეს ნაყოფი, მიიღოს ძღვენი და მოგვეცეს მადლი.

ჩვენ ვმადლობთ უფალს იმისათვის, რაც მოგვეცა, რაც გვაქვს და რაც მოგვეცემა.

ფერისცვალების დღესასწაული თევზით ხსნილია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები