რეკლამა

ქუთაისის მერიამ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს 1500-1500 ლარი ჩაურიცხა

ქუთაისის მერიამ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს 1500-1500 ლარი ჩაურიცხა

ქუთაისში,  რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ,  მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა,  დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების წევრებთან ერთად,  გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  

"2008 წელს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ აგრესორი ქვეყნის, რუსეთის მიერ ჩადენილი იქნა უმძიმესი დანაშაული, რასაც მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის. დღემდე ოკუპირებულია საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები. ტრაგიკული დღეები იყო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში.  დღეს პატივი მივაგეთ აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას.  მათი ოჯახების წევრებთან ერთად გვირგვინით შევამკეთ გმირთა მემორიალი, რომელსაც სულ მალე განახლებული იერ-სახით წარვუდგენთ საზოგადოებას.  ჩვენი გმირების ხსოვნის პატივგების უპირველესი ნიშანი იქნება ის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი  და დამოუკიდებელი ქვეყანა!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

 სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი  გადაიხადეს. მემორიალთან მოეწყო ფოტო-გამოფენა, რომელიც ომის თემატიკას მიეძღვნა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის ომში 9 ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მერიამ ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1500 ლარი ჩაურიცხა.

რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად,  8 აგვისტოს, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები