კვადროციკლებით აღიჭურვა რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ახლადშექმნილი დაცული ტერიტორიაა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს რეინჯერებს, ეფექტიანად განახორციელონ პატრულირების პროცესი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება 5 წლის განმავლობაში რაჭის ეროვნული პარკის აღჭურვას ითვალისწინებს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და ინვენტარით;
ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიული ტრენინგ კურსების გავლის გზით.
აღსანიშნავია, რომ რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ ჯამში, დაახლოებით, 4 248 650 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.