სტიქია ცაგერში. დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ცაგერის 12 სოფელში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები, ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები დაუზიანა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, სტიქიას თან ძლიერი ქარი და ხმაური ახლდა. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივებმა გარეთ გამოსვლა ვერ შეძლეს. მათივე თქმით, ძლიერი სეტყვა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დილიდან იმყოფებიან და მოსახლეობას ხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ცაგერის მერიაში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.