რეკლამა

კლდეებში ჩასმული ქალაქის საოცრებები-რა ვიცით ჭიათურის მღვიმეებზე?

კლდეებში ჩასმული ქალაქის საოცრებები-რა ვიცით ჭიათურის მღვიმეებზე?


ჭიათურის მუნიციპალიტეტი  განსაკუთრებით მდიდარია კარსტული მღვიმე-გამოქვაბულებით. აღნიშნული მღვიმეებისა და გამოქვაბულების მცირე ნაწილია შესწავლილი და უდიდეს პოტენციალს შეიცავს არქეოლოგიური და სპელეოლოგიური სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით.

 ძუძუანასა და ბონდის გამოქვაბულებში აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი ძაფის ნაშთები, ადასტურებს სამეცნიერო- კვლევითი თვალსაზრისით ჭიათურის  საერთაშორისო მნიშვნელობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის გიორგი დვალაშვილის თქმით, დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ აქ ზღვა იყო და სწორედ ამ ადგილას ქმნიდა დანალექ ქანებს. 
ქანების ნაპრალები ზღვის წყლისაგან ირეცხებოდა და გამორეცხვის ადგილზე გამოქვაბულები ჩნდებოდა. როცა ზღვამ უკან დაიხია, ეს ქანები-კლდეები გამოქვაბულებიანად ნაპირზე დარჩა. ჭიათურა ერთ-ერთი პირველი იყო მთელ კავკასიაში, რომელიც ზღვამ გაათავისუფლა და საცხოვრებლად იქცა. 

სწორედ ჭიათურის გამოქვაბულშია აღმოჩენილი 34 000 წლის წინანდელი გრეხილი სელის  ძაფის ბოჭკოები და მას ეწოდება- ძუძუანას მღვიმე.  მღვიმე  მდებარეობს სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე. ძეგლი 1966 წელს აღმოაჩინა სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ დავით თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. 2009 წელს ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედა პალეოლითური 34 000 წლის წინანდელი გრეხილი სელის
ძაფი იპოვეს, ეს აღმოჩენა მსოფლიო
მნიშვნელობისაა.

ძუძუანას მღვიმის იდენტურია  ბონდის მღვიმე, რიონ-ყვირილას აუზის ერთ-ერთი უნიკალური ზედა პალეოლითის ეპოქის ძეგლი.

 მღვიმე 2007 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის მიერაა ააღმოჩენილი იგი მდებარეობს სოფელ წირქვალში.  აქ აღმოჩენილია უკვე გადაშენებული ფაუნის ნაშთები (11 სახეობა),მათ შორის დომინირებს ბიზონი.მოპოვებული არქეოლოგიური მასალების საფუძველზე შესაძლებელია იმ დროის კლიმატისა და ლანდშაფტის აღდგენა,რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არქეოლოგებისათვის,არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პოპულარიზებისათვის.

ჭიათურაში მრავალ უნიკალურ  მღვიმეთა შორის გამორჩეულია კოტიას მღვიმე, რომელიც მდებარეობს სოფელ სვერში. 2004 წელს კოტიას კლდის მღვიმეში აღმოჩენილმა პალეოლითელი ხანის ადამიანის სამარხმა სახელი გაუთქვა ამ არქეოლოგიურ ძეგლს. სახელწოდება
კოტე ცუცქირიძის სახელიდან მომდინარეობს, მან პირველმა 1968 წელს აღმოაჩინა მღვიმე. მღვიმე
კარსტულია,შიგნით წყალქვეშა მდინარე და დიდი დარბაზებია. მღვიმეში სხვადასხვა ზომის სტალაქტიდები და სტალაგმიტებია.

მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს-უნდოს მღვიმე, რომელიც მდებარეობს სოფელ ვაჭევში. მღვიმე მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, რომლის სიღრმე 50 მეტრს აღწევს. აქ აღმოჩენილია კავკასიის რეგიონში პირველი კედლის მხატვრობა
და უძველესი ადამიანის ნაშთები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 300 ათასი წლის წინ ბინადრობდნენ.

არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს გვარჯილას კლდის მღვიმე სოფელ რგანის მიდამოებში, მდინარე ჭერულას აუზში.  ჯრუჭულის მღვიმე კი, რომელიც მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე მდინარის დონიდან 35 მ სიმაღლეზე მდებარეობს, საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში  მღვიმეთა პალეოლოგიური თუ არქეოლოგიური შესწავლა კვლავ გრძელდება და სპეციალისტების თქმით, ისინი კიდევ მრავალჯერ გაგვაოცებენ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები