რეკლამა

ვინ იყო ზურაბ ჯავახაძე, რომლის სახელს უკავშირდება ქუთაისში სპორტის მუზეუმის დაარსება?

ვინ იყო ზურაბ ჯავახაძე, რომლის სახელს უკავშირდება ქუთაისში სპორტის მუზეუმის დაარსება?

 ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალში - ზ. ჯავახაძის სახ. სპორტის მუზეუმში ზურაბ ჯავახაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სპორტის მუზეუმის დამაარსებელს 88 წელი შეუსრულდებოდა.

ქუთაისში სპორტის მუზეუმი ზურაბ ჯავახაძის ინიციატივით, 1970 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან 2007 წლამდე მუზეუმს ზურაბ ჯავახაძე ხელმძღვანელობდა. იგი ქართული სპორტის მემატიანედაა წოდებული და  უამრავი ტიტულისა თუ რეგალიის მფლობელი იყო.

მუზეუმში, დღეს, ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი უამრავი ექსპონატია განთავსებული. წლების მანძილზე, ზურაბ ჯავახაძის ინიციატივით, მუზეუმი ვითარდებოდა და სრულფასოვან დატვირთვას იძენდა . აქ მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება კვლევითი, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა. 

ზურაბ ჯავახაძე 2003 წელს ოქსფორდის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ მეოცე საუკუნის, პლანეტის 2000 გამოჩენილ ადამიანის სიაში იქნა შეყვანილი და მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმის შექმნისთვის ოქროს მედლით იქნა დაჯილდოებული. მისი ავტორობით სპორტულ თემაზე გამოცემულია 40-მდე  წიგნი. მათ შორის არის ნაშრომები ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაზე, სახელოვან ოლიმპიელებზე, გამოჩენილ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე, სპორტის ცალკეულ სახეობებზე. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იმერეთის სპორტულ ცხოვრებას - ამ თემას ეძღვნება ჟურნალისტური ნარკვევები , საგაზეთო პუბლიკაციები, წიგნებში აღწერილი სპორტულ ასპარეზობათა ქრონიკები. 

იგი ცხოვრების უკანასკნელ პერიოდამდე განაგრძობდა აქტიურ მოღვაწეობას. მისივე დაარსებულ მუზეუმში , სადაც ზურაბ ჯავახაძის ძალისხმევით თავმოყრილია ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი ქრონიკა, პერმანენტულად აწყობდა ღონისძიებებს. შეხვედრებს მართავდა დამსახურებულ სპორტსმენებთან და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებდა მათ ღვაწლს. განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა ახალგაზრდა თაობებისთვის ქართული სპორტის ისტორიის გაცნობის საქმეში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები