პირველად, ქალაქ ამბროლაურში, 26 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.
"ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, აშენდა და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის დაწესებულებები. შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ ყველაფრის და მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ 26 იანვრიდან ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსმა სატესტო რეჟიმში იმოძრაოს.
სატესტო რეჟიმი გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება. სატესტო რეჟიმის განმავლობაში (26 იანვრიდან 1 თებერვლამდე), ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
1 თებერვლის შემდეგ, მგზავრებს საშუალება ექნებთ მინიმალურ ფასად - 50 თეთრად, კომფორტულად გადაადგილდნენ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით (შეღავათით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები).
ავტობუსი იმოძრავებს დილით (საორიენტაციოდ) 08:30-დან 09:10-მდე და საღამოს 18:10 დან 18:50 მდე.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ავტობუსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტს გადმოეცა, რომელიც 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.