თებერვლის შუა რიცხვებში ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იყო - ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა, გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც იმნაძე განმარტავს, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი 50%-მდე იყო გაზრდილი.
„როგორც პროგნოზირებდნენ, თებერვლის შუა რიცხვებში იყო რესპირატორული ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკმა უკვე გადაიარა. ამ პიკზეც არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. გრიპის ვირუსის განაწილების მაჩვენებელი 50%-მდე იყო გაზრდილი. დღეს, გრიპის ვირუსი 1/3-ს შეადგენს. წამყვანი არის H1 ვარიანტი, ცოტა არის H3, გრიპის ვირუსებიდან ძალიან იშვიათად ჩნდება B ვარიანტი. საკმაოდ ბევრია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელსაც პატარა ბავშვებში, შესაძლოა, მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. ასევე გვაქვს გაციების გამომწვევი ვირუსები, რაც ყოველ წელს გვქონდა ხოლმე. ვირუსული ინფექციების აქტივობა კლებისკენ მიდის. სამწუხაროდ, გრიპის ვირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაც გვქონდა. რაც შეეხება კორონავირუსს, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც შემცირებისკენ მიდის კორონავირუსის შემთხვევებიც",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.