ხონში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. გალა კონცერტს და მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიას უამრავი ადგილობრივი დაესწრო. მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე ხონელების წინაშე, ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ჯგუფი "მგზავრები" წარსდგა.
ხონის მთავარი ნაძვის ხე მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ შვილთან და ადგილობრივებთან ერთად აანთო. მან შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
სპეციალურად ამ დღისთვის ხონის ცენტრალურ მოედანზე ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, და საბავშვო სივრცეები იყო განთავსებული. გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი.
პატარებმა მონაწილეობა მიიღეს ნაძვის ხის, საახალწლო კერამიკის, ხის ფიგურების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერისა და საახალწლო ორცხობილების მოხატვაში, დამზადებასა და გაფერადებაში.
მთელი დღის მანძილზე ასევე მიმდინარეობდა ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მიმდინარე წელს ხონი ახალ წელს, ახალი საახალწლო განათებებით შეხვდა, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის ადმინისტრაციისგან საჩუქრად გადმოეცა.