თხილზე მოთხოვნა ამჟამად ყველა საექსპორტო ბაზარზე შემცირებულია - ასე ეხმაურება საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა ადგილობრივი ექსპორტის შემცირებას.
როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მოთხოვნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ თურქულ თხილზეც დაეცა.
„თხილზე მოთხოვნა ამჟამად ყველა საექსპორტო ბაზარზე შემცირებულია. ეს ეხება როგორც ქართულ, ისე თურქულ თხილს. ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე, თხილის ბაზრები საგრძნობლად გაზრდილია, რაც აგრეთვე აფერხებს თხილის ექსპორტის პროცესს“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.
რაც შეეხება ზოგადად თხილისა და კაკლის იმპორტის ზრდას, ქარდავა ამბობს, რომ რეალურად, თხილი საქართველოში საერთოდ არ შემოდის და თუ იმპორტი პროცენტულად იზრდება, ეს იმიტომაა, რომ სტატისტიკაში, თხილის, ნუშის და კაკლის იმპორტი ერთად ითვლება.
„ნუშს, კაკალს და თხილს ერთად თვლიან, ამიტომაა, რომ გვგონია, თითქოს თხილის იმპორტი გაიზარდა. რეალურად ეს ასე არ არის. თხილი საერთოდ არ შემოდის ჩვენს ქვეყანაში. გაზრდით კი ნამდვილად გაიზარდა კაკლისა და ნუშის იმპორტი.“, - აღნიშნავს ლევან ქარდავა „ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან თხილის და კაკლის ადგილობრივი ექსპორტი 13,4%-ით შემცირდა, ქვეყანაში ამ პროდუქტის იმპორტი კი თითქმის 32%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 85,710 მლნ დოლარის ღირებულების (18,029 ტონა) თხილი და სხვა კაკალი, წინა წელს კი 98,982 მლნ დოლარის ღირებულების (23,780 ტონა).