ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი თათა ქოჩიაშვილი გაცვლითი პროგრამით კატარის უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც არაბული ენის კურსები წარმატებით გაიარა.
ამბობს, არაბული კულტურა ბავშვობიდან აინტერესებდა. ამიტომ, როცა სპეციალობის არჩევა მოუწია, ბევრი არ უფიქრია. სწავლა აღმოსავლურ ფილოლოგიაზე გააგრძელა და კატარის საელჩოსა და უნივერსიტეტის სტიპენდიაც მოიპოვა. თათა გაცვლითი პროგრამის პერიოდში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებს:
"როდესაც პროფესიის არჩევა დავიწყე და აწსუ-ში აღმოსავლური ფილოლოგიის სპეციალობის არსებობის შესახებ შევიტყვე, იმ მომენტიდან ვიცოდი, რომ არაბული ენის სწავლა მინდოდა. გავხდი სტუდენტი და მომეცა საშუალება გაცვლითი პროგრამით მესარგებლა. კატარის უნივერსიტეტისა და კატარის საელჩოს სტიპენდია მოვიპოვე.
ყოველწლიურად საქართველოდან და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან რამდენიმე სტუდენტს უფინანსებენ არაბული ენის კურსს კატარის უნივერსიტეტში. მიხარია, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. გავიუმჯობესე ენის ცოდნა, გავიცანი უამრავი ადამიანი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესს, დაყოფილი ვიყავით ენის ცოდნის მიხედვით დონეებად, თითო ჯგუფში დაახლოებით 20 ადამიანი იყო. ვაკეთებდით პრეზენტაციებსა და პროექტს. სხვა ჯგუფებთან ერთადაც ვმუშაობდით. გაკვეთილები სახალისო და საინტერესო იყო. მიღებული ცოდნის გამოყენება ძალიან ბევრ საქმეში შეიძლება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. სურვილი მაქვს სხვა არაბულ ქვეყნებსაც ვეწვიო, მეტი ცოდნა მივიღო და მიღებული გამოცდილება ჩვენს უნივერსიტეტსა და განსაკუთრებით აღმოსავლური ფილოლოგიის სტუდენტებს გავუზიარო,"-ამბობს თათა ქოჩიაშვილი.