საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით, შაორში საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც წელს 768 ახალგაზრდას რვა ნაკადად მიიღებს.
შაორის ბანაკი მონაწილეების მიერ დადგმული ნომრით გაიხსნა. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, საღამოს ბოლოს კი გაიმართა „თეატრალურის კვარტეტისა“ და დავით შანიძის კონცერტი.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, სახელმწიფოს რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარმენ მარგველიძე, ამბროლაურის მერი ზვიად (დავით) მხეიძე და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
შაორის ახალგაზრდული ბანაკი ერთ ნაკადში 18-25 წლის 96 მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც პარტნიორ უწყებებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეირჩნენ.
პირველ ნაკადში ბანაკი მასპინძლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, უნივერსიტეტის თეატრის მსახიობებს, მოცეკვავეთა ანსამბლისა და ვაჟთა კაპელას წევრებს.
"ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია; ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა; არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა; ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა; პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის საჭირო სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ბანაკში ყოფნისას ახალგაზრდები მონაწილეობენ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო შეხვედრებში, სპორტულ ოლიმპიადასა და ტურნირებში; გარდა ამისა, არაფორმალურ გარემოში ხვდებიან ცნობილ სპორტსმენებსა და ხელოვანებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ერთი ნაკადი მთლიანად დაეთმობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს.
შაორის საბანაკე ინფრასტრუქტურა 2022 წელს სრულად განახლდა, სარემონტო სამუშაოები კი წელსაც ჩაუტარდა.
ივლისში საზეიმოდ გაიხსნა ანაკლიის ბანაკიც, რომელიც წელს 2400 ახალგაზრდას 10 ნაკადად მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის ბანაკების მართვა სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.
2022 წელს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკი, ევროპული სკოლის იყალთოს საზაფხულო ბანაკი და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა,"-აცხადებენ კულტურის სამინისტროში.