ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევისა. ზოგჯერ საზოგადოებას ეშლება და აკავშირებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან განლაგებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთან.
ჭიათურის პერევისა მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, ჭიათურის სტრუქტურულ პლატოზე, გეოგრაფიული კოორდინატებია: ა.გ. 43°18′01″. ჩ.გ. 42°15′41″. პერევისის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 730 მ. სიმაღლეზეა, სოფელი პერევისა არის პერევისის თემის საკრებულოს ცენტრი, თემში შედის სოფლები: პერევისა, შუქრუთი, კალაური, სკინდორი, წინსოფელი, ჭილოვანი. სოფელ პერევისის ფათობი შეადგენს 700 ჰექტარს. სოფლის საფოსტო ინდექსია 5515. საკადასტრო კოდი: 38.11.33, 38.11.34, 38.11.40, 38.11.41, 38.11.44, 38.11.45, 38.11.46. მანძილი ჭიათურიდან 6 კმ, მანძილი ქუთაისიდან 85 კმ., თბილისიდან 170 კმ.
ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ჭიათურა. ციცაბო ქარაფიანო მდინარის ყვირილის ხეობით. სამხრეთით - სოფლები: ცხრუკვეთი, სვერი და გუნდაეთი. დასავლეთი - სოფელ წინსოფელი და ღურღუმელას მანგანუმის მადნის შლამსაცავის მიმდებარე ტერიტორიები. აღმოსავლეთით - მდინარე შუქრუთისწყლის ხეობა და სოფელი შუქრუთი. პერევისა ჩრდილოეიდან სამხრეთისაკენ ვრცელდება საშუალოდ 5-6 კმ-ზე. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია, მდ. საძალიხევის ხეობა, ს-დ. ნაწილში, სოფ. სკინდორთან საზღვარზე ზ.დ. 415 მეტრი, ხოლო ყველაზე მაღალი ადგილია პერევისის წმინდა გიორგის სახლეობის ეკლესიის მიდამოებში 775 მეტრი ზღვის დონიდან.
მოსახლეობის 1926 წლის აღწერის დროს შედიოდა შორაპნის მაზრაში, პერევისის თემში, სოფელში ცხოვრობდა 1094 ადამიანი, აქედან 555 მამაკაცი, ხოლო 539 ქალი, აგრეთვე ცალკე დასახლებული პუნქტი იყო პერევისის მაღარო, სადაც ცხოვრობდა 441 ადამიანი, აღწერის მიხედვით ყველა მაცხოვრებელი იყო კაცი. 1939 წლის აღწერის დროს ჭიათურის რაიონის პერევისის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფელში ცხოვრობდა 1268 ადამიანი, აქედან 652 მამაკაცი, ხოლო 616 ქალი იყო. 1970 წლის აღწერის დროს ცხოვრობდა 1463 ადამიანი, აქედან 681 მამაკაცი, 782 ქალი იყო. 1979 წლის აღწერის დროს ცხოვრობდა 1443 ადამიანი, აქედან 688 მამაკაცი, 755 ქალი იყო. 1989 წლის აღწერის დროს ცხოვრობდა 1198 ადამიანი, აქედან 560 მამაკაცი, 638 ქალი იყო. 2002 წლის აღწერის დროს სოფელში ცხოვრობდა 1319 ადამიანი, აქედან 641 მამაკაცი, 678 ქალი იყო. 2014 წლისათვის სოფელში ცხოვრობდა 851 მაცხოვრებელი, აქედან 408 მამაკაცი, 442 ქალი.
სოფელ პერევისის სახელწოდების წარმოშობის შესახებ არსებობს ვერსია, რომლის თანახმად ამ ადგილებში ცხოვრობდა ორი ძმა წერეთელი, ერთ ძმას მეორე ძმისთვის მოუპარავს საკარმიდამო ადგილი (ე.ი. მიუთვისებია), ამის გამო დავა ამტყდარა, შემდეგ ეს დავა სერიოზული გამხდარა, ამ საქმეში ჩარეულა შუამავალი, რომელსაც მეორე ძმისთვის უთქვამს - ,,პარავ ვისაო“-ო, შემდეგ მოხდა ამ სიტყვის ასიმილაცია და შესაძლოა აქედან მომდინარეობს სოფლის დღევანდელი სახლეწოდება ,,პერევისა“.
გავრცელებული გვარებია: ჩაჩანიძე, წერეთელი, კვანტალიანი, ცხადაძე, წივილაშვილი, ბარელაძე, ხარაიძე, დევიძე, კურტანიძე, მაქაძე, კუპატაძე, ფხალაძე, ლეთოდიანი. პერევისის უბნების ცალკეული სახელებია: კურტანიძეები, მაქაცაძეები, ხარაიძეებ-ბარელაძეები, წივილაშვილ-ცხადაძეები, ლეთოდიანები, დევიძეები, წერეთლები, ჩაჩანიძეები, კუპატაძეებ-ფხალაძეები, სტადიონი, აბელაშვილები (აბელის შთამომავლები), გამცემლეძეები (წინაპრები იყვნენ მებატონის კარზე, ბატონების მიერ ნივთების გაცემის ორგანიზატორები).
სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებია: მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. დაწესებულებებიდან სოფელ პერევისაში არის საშუალო სკოლა, (სკოლა გაიხსნა 1893 წელს. თავდაპირველად იყო ორკლასიანი, პირველი მასწავლებელი იყო ამბაკო ბარელაძე, საშუალო სკოლად გადაკეთდა 1967 წელს. სოფელში არის ბიბლიოთეკა, კულტსახლი, საექიმო ამბულატორია, საფოსტო განყოფილება.
პერევისის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ქვიშაქვისგანაა ნაგები. სახურავი ბრტყელღარიანი კრამიტისა აქვს. სამხრეთ კარებზე ასომ-თავრული წარწერაა ,,წმინდა გიორგი შეიწყალე ზვიად’’, ქ.ლ.წ. ეკლესიის შიგნით შემორჩენილია XIII, XIV, XV საუკუნეების კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. მოჩუქურთმებული კათედრიდან ახლა ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩრდილოეთ მხარეს მდებარე შემორჩენილი ფრესკებიდან ირკვევა, რომ იგი მოხატული ყოფილა. ძეგლი დაზიანებული ყოფილა ხანძრისაგან. 1920 წელს 7 სექტემბერს პერევისის წმინდა გიორგის ეკლესია მოინახულა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ ექვთიმე თაყაიშვილმა. იქვე ახლად აგებული დიდი ზომის ეკლესიაში ყოფილა XVIII ს-ის წმ. გიორგის ხატი ვერცხლის არშიით. წარწერაზე ვკითხულობთ ,,ქაიხოსრო არქიმანდრეს გავა-კეთებინე’’ მეორე ხატი მიქაელ მთავარანგელოზისა ყოფილა. ძველი ეკლესია სიონური რიგისაა. აქვს 3 სარკმელი. საკურთხეველში ტრაპეზი იდგა. ამბიონი ერთი საფეხურით იყო შემაღლებული საკურთხეველში. ეკლესია ორჯერ მაინც არის მოხატული, ფრესკების ქვეშ კიდევ უფრო ძველი და კარგი ფრესკები მოჩანს, საკურთხეველის თავზე დახატული ყოფილა ღვთისშობელი ყრმით. წარწერა ბერძნულია. მარჯვნივ ედგა გაბრიელ მთავარანგელოზი, მარცხვნივ მიქაელი, მათი წარწერები ხუცური იყო. აღსანიშნავია აგრეთვე ტეხისის სალოცავი. ეს სალოცავი ჯერ კიდევ წინაქრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს. სალოცავი „ტეხისა“ პერევისისა და ახლომახლო სოფლების „ადგილის დედა“ უნდა ყოფილიყო, ტეხისობა კი მისი სადიდებელი დღესასწაული. „ტეხისობას“ ყოველ ახალ კვირას აღნიშნავენ, რამაც მას ქრისტიანული დღესასწაულის იერსახე შესძინა. აქ სალოცავად დადის არა მარტო პერევისისა და მის ახლოს მდებარე სოფლების, არამედ ქალაქ ჭიათურის მოსახლეობაც.
პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აგებულია ვულკანური წარმოშობის კონუსზე, ამ კონუსის ამგები ქანი ძირითადად ბაზალტია, რომელიც ძვირფას სამშენებლო ქანს წარმოადგენს. 1980-85 წ.წ. პერევისის ზეგანზე ჩატარდა ბაზალტის საძიებო ბურღვითი სამუშაოები, დადგინდა პერევისის ბაზალტის მარაგი და მისი გავრცელების კონტურები. განსაზღრულ იყო აგებულიყო ქარხანა, რომელიც პერევისის ბაზალტს ფილების სახით მიაწვდიდა სახალხო მეურნეობას, მაგრამ ეს განუხორციელებელი დარჩა. პერევისის პლატოს დანალექი ქანების კომპლექსის გამკვეთი ბაზალტური ინტრუზივების ასაკი, როგორც ა. ბეტეხტინი აღნიშნავს, პლიოცენურია აღნიშნული ვულკანური სხეულების სახით საქმე გვაქვს აწ ეროზიით გარეცხილ ლაკოლითებთან. ერთ-ერთ მათგანზე, პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მახლობლად, ინტრუზივის ოდნავ ჩადაბლებულ ნაწილში მდებარეობს პერევისის ტბა. მისი გარშემო-წერილობა 550-600 მეტრს აღწევს, მაქსიმალური სიგრძე 180 მეტრია, ხოლო სიგანე 100 მეტრი. ტბის მაქსიმალური სიღრმე 2 მეტრს არ აღემატება. პერევისის ტბა, რომელსაც ოვალური მოყვანილობა აქვს შრობის, ანუ ,,ღრმა მოხუცებულობის“ მდგომარეობაში იმყოფება.
პერევისის პლატოს გეოლოგიურ აგებულობაში მონაწილეობს ზედა ცარცული კირქვები და მესამეული ასაკის დანალექი ქანები. პერევისის მანგანუმის წყება ორ ნაწილად იყოფა: 1. ქვედა ნაწილი უფრო მდიდარი, პირველადი ჟანგეული მადნები; 2. ზედა ნაწილი, შედარებით ღარიბი, ნაკლებად დაჟანგული მადნები. მანგანუმის წყების, როგორც ქვედა, ისე ზედა ნაწილში მადნის შუაშრეები მორიგეობენ ფუჭი ქანის შუაშრეებთან. მანგანუმის წყების საერთო სისქე 4,31 მ-დან 6,00-მდე აღწევს მაშინ როცა მისი სასარგებლო სისქე 3 მ-დან 5,70 მ-მდე კლებულობს. მანგანუმის წყების ქვედა ნაწილი ზედა ნაწილისაგან მურა-ყვითელი ქანის შუაშრითაა გამოყოფილი, ხოლო სიღრმეში 0,5-1,2 მ-იანი გლაუკონიტიანი ქვიშაქვები. პერევისის პლატოზე მოიპოვება მარცვლოვან-ოოლიტური მადნები: საცხრილე, ჟღალი, ბელტა, პლასტი, მწვარი, სახეშეცვლილი მანგანუმის მადნები, მანგანუმის ჰიდროჟანგებით გაჟღენთილი ქვიშაქვები და მანგანუმის მადნის ქვეტიპების მთავარი შემადგენელი მინერალებია: ფსილომელანი, პიროლუზიტი, მანგანიტი, ბრაუნიტი, ჰაუსმანიტი, ტეფრიტი, ბუსტამიტი, იშვიათად ალაბალდინი, მანგანოკალციტი და როდოქროზიტი. პერევისის პლატოზე მანგანუმი მოიპოვება 1891 წლიდან, 1928 წლიდან კი ამას ჭიათური მანგანუმის ტრესტი ანხორციელებდა. აქ მანგანუმის წყების ქვედა ჰორიზონტი მუშავდება. აკადემიკოს გ. წულუკიძის წინადადებით 1939 წელს ადგილ-ადგილ განხორციელდა სქელი ფენის (4-5 მ.) დამუშავება. მისივე ინიციატივით 1943 წლიდან პერევისის მაღაროში დაინერგა მადნის დამუშავების კამერულ-სვეტური სისტემა. მთავარ საზიდებამდე მადანი გადმოიტანება ელექტრომავლებით და სვეტიანი ჯალამბრებით, ხოლო მთავარი საზიდებიდან ესტაკადებამდე - ელექტრომავლებით და უსას-რულო საჰაერო ბაგირებით. პერევისის ტერიტორია საექსპლუატაციო გამონამუშევრებით არის დასერილი და მაღაროს რიგ უბნებში უკვე დაწყებულია დამცავი ფეხების ლიკვიდაცია, რაც ზედაპირზე აისახება ტექნოგენური ჩაქცევების სერიით.
პერევისის სამხრეთით, მდინარე საძალიხევის მარჯვენა ფერდობზე, მრავლადაა წარმოდგენილი კარსტული მღვიმეები: წილთო I, წილთო II და ორთვალაკლდის მღვიმე. წილთოს მღვიმე, მდებარეობს მდინარე საძალიხევის აუზში, მდინარის დონიდან 75 მ. სიმაღლეზე, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში, არის კლდოვანი ფარდული, შესასვლელის სიმაღლე და სიგანე 15 მ-ია, სიგრძე კი 4 მ, მღვიმეში არის ისტორიული დროის ნაგებობა, მატე-რიალური კულტურის ნაშთი.
წილთოს II მღვიმე, მდებარეობს მდ. საძალიხევის აუზში, მდინარის დონიდან 84 მ. სიმაღლეზე, გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში, წარმოადგენს კლდოვან ფარდულს, შესასვლელის სიმაღლე 7 მ, სიგანე 7 მ, მღვიმეში არის გამოფიტვის ადგილობრივი მასალა ღორღი და ლოდნარი. კულტურული ფენა. არის ისტორიული დროის ნაგებობა.
ორთვალაკლდის (ჯვარის, წილთოს III) მღვიმე მდებარეობს სოფელ პერევისაში, მდ. წილთოს ხეობის მარჯვენა ფერდობზე. შესასვლელის სიმაღლე 530 მ-ზე, ხოლო საძალიხევის დონიდან 90 მ, გამო-მუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება ორი დიდი ხვრელით. აღმოსავლური ტოტი 85 მ-ის შემდეგ ებმის გვერდით მდებარე გვირაბს. განშტოებათა შეერთების ადგილიდან ფსკერი შესასვლელის საწინააღმდეგოდ ეშვება და მღვიმეც ფართოვდება. საშუალო სიმაღლე - 3 მ, სიგანე კი ოდნავ ნაკლებია. მაქსიმალური სიმაღლე 10 მ-ს არ აღემატება. ბოლო დარბაზის ფსკერზეა კარსტული ძაბრები, მთავარი მღვიმის მაქსიმალური სიგრძე - 110 მ-ია, ხოლო ჯამური 180 მ, ბოლო დარბაზში - კალციტის მოფარდაგებანი. დარბაზში დიდი სინესტეა. ბოლო დარბაზში შემოჭრილი დროებითი ნაკადები იკარგება ძაბრებში და გამოსავალს პოულობს უფრო დაბალ დონეზე მდებარე მღვიმეში. წინ ორი დიდი გვირაბის კედლებს ეტყობა ხელოვნური დამუშავების კვლები. აღმოჩენილია კერამიკის ნამტვრევები. მღვიმე იხსნება კლდის ქიმზე ორ ნაწილად, შესასვლელად საჭიროა ალპინისტური აღჭურვილობა.
პერევისის მიდამოებს შემდეგი სახელები აქვს: ცაცას ტყე, ცაცას გერამი (მცირე მღვიმე სადაც გაედინება ნაკადი, გვირაბში იმალებოდა სტალინი, მას მფარველობდა ცაცა წერეთელი და აქედან მომდინარეობს სახელიც), დევისნამუხლი (წილთოს ღელეში), ნაირმალი, წილთო, ჭაუჭაყი, ნატბაური, საქორიათი, პერევისაში არის ცივი ანკარა წყაროებიც: ოფნისწყალი, პირაღიაწყალი, ბატონისწყალი.
რამდენიმე წლის წინ სატვირტო მანქანის ბუქსირით ქალაქ ჭიათურიდან თავისი სვლით აიყვანეს SKODA TR9 ფირმის ტროლეიბუსი სოფელ პერევისაში. როდესაც შეწყდა ტროლეიბუსის მოძრაობა ჭიათურა-საჩხერეს შორის გადაწყდა ტროლეიბუსების ჯართში ჩაბარება, ჭიათურელმა დიმიტრი ყურავამ რომელიც ჭიათურა-საჩხერის ხაზზე ჩამოყვანის დღიდან მძღოლად მუშაობდა ბოლო რეისის შესრულების შემდეგ ხაზიდან მოხსნა და ჯართში ჩაბარებას გადაარჩინა ხისტი ბუქსირების საშულებით ჩაუბა სატვირთო მანქანა ZIL-ს და თავისი სვლით წაიყვანა სოფელ პერევისაში. ტროლეიბუსი საკმაოდ კარგად მდგომარეობაშია და რცხილნარ ტყეში ჩაფლული ეს ადგილი კიდევ ერთი, საინტერესო ტურისტული მარშრუტი შეიძლება გახდეს.
პერევისის ღირსეულ მამულიშვილთა შორის აღსანიშნავია ,,უდაბნოს პაპა“ - კონსტანტინე ევგენის ძე წერეთელი. (დ. 25. XII. 1909, პერევისაში _ 3. I. 1973. ქ. მოსკოვი). ქართველი ჰიდრომშენებელი, თურქმენეთის დამსახურებული მშენებელი (1965 წ.), ლენინური პრემიის ლაურეატი (1962 წ.), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების (1929 წ.) შემდეგ გარდაცვალებამდე მუშაობდა თურქ-მენეთში, ყარაყუმის უდაბნოს გამოკვლევის კომპლექსური ჯგუფის ხელმძღვანელად (1936-45 წ.წ.), ,,ყარაყუმსელვოდსტროის“ სამმართველოს მთავარ ინჟინრად (1945-53 წ. წ.), ყარაყუმის არხის მშენებლობის და ტრესტ ,,ყარაყუმგოდროსტროის“ მთავარ ინჟინრად (1953-73 წ.წ.). მას ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ყარაყუმის ყამირი მიწების ათვისებაში. თურქმენეთის სოფლის მეურნეობის განვითარებაში, დამსახურებისათვის დაჯილდოებულია შრომოის წითელი დროშისა და ,,საპატიო ნიშნის“ ორ-ორი ორდენით.
მოამზადა გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა