ცნობილ მოცეკვავეს, ანსამბლ „ციცინათელას“ ხელმძღვანელს ლალი პაპიჯანოვს 80 წელი შეუსრულდა. ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს საიუბილეო თარიღი ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მიულოცა და სახელოვნებო და ქორეოგრაფიის სფეროში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქალბატონმა ლალიმ მოცეკვავეთა არაერთი თაობა აღზარდა. ის თავადაც გამორჩეული მოცეკვავე იყო. ვულოცავთ მას 80 წლის იუბილეს! კვლავაც დიდხანს ემსახუროს საყვარელ საქმეს!“- განაცხადა გივი მოდებაძემ.
ლალი პაპიჯანოვი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ემსახურება ხელოვნებას-გახლდათ ანსამბლ „ციცინათელას“ მოცეკვავე, ცეკვავდა დუეტში „ქართულს“, ასრულებდა ქალის სოლო პარტიას ფარიკაობაში. მოგვიანებით კი, ხელმძღვანელობდა გოგონათა ანსამბლს- „მერცხალი“.
"ცეკვა ქართულის საუკეთესოდ შესრულებისათვის მიღებული აქვს პირველი და მეორე ადგილები, ოქროს მედალი, სიგელები. სხვადასხვა დროს გახლდათ იმდროინდელი კულტურის სახლის საბავშვო სექტორის გამგე და სამხატვრო ხელმძღვანელი. ქალბატონი ლალი დღესაც განაგრძობს მუშაობას და ხელმძღვანელობს ანსამბლ „ციცინათელას“, რომელმაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და შექმნა ჩვენი ქალაქის მრავალწლიანი კულტურული ცხოვრების მატიანე,"-ნათქვამია ჭიათურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.