ხარაგაულის მერმა 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
"კანონის დაცვა, საჯაროობა, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომლითაც ხარაგაულის მერი და მერია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობა, მათი ჯანმრთელობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა,”- აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას კობა ლურსმანაშვილმა.
მერმა ანგარიშის წარდგენისას აქცენტები მერიის პრიორიტეტებზე - სოციალურ თემაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებასა და კულტურაზე გააკეთა.
როგორც კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, საანგარიშო წლის განმავლობაში ხარაგაულის მერი, მერიის შესაბამის სამსახურებთან და საკრებულოსთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სამინისტროებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პარლამენტის კომიტეტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
"ხარაგაულის მერიამ წარმატებით გაართვა თავი იმ ამოცანებს და ვალდებულებებს, რომელიც 2023 წლის დასაწყისში აიღო. 2023 წელს განხორციელებული პროექტებით და დროულად ათვისებული თანხებით ხარაგაული იმერეთის მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტს შორის მოწინავე ადგილზეა. ხარაგაულელები უშუალოდ სარგებლობენ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელიც მაღალი ხარისხით შესრულდა და მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება. 2023 წელი ხარაგაულისთვის გამორჩეული იყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით. გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გზის მშენებლობისთვის მიმდინარე საერთაშორისო ტენდერი დასრულდა,"-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
როგორც მერმა აღნიშნა, ეს საუკუნის პროექტი და ხარაგაულისთვის 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.
"ხარაგაული გამორჩეული იყო 2023 წელს და მომავალ წელს ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ გვყავს განვითარებაზე ორიენტირებული, საქმისადმი პასუხისმგებლობით გამორჩეული და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, რაც მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე წარმატებულად აისახება,”- განაცხადა მერმა საკრებულოს წევრების წინაშე ანგარიშის წარდგენისას.