ვითხოვ ადეკვატურ რეაგირებას-ქუთაისში ექიმი კლინიკის საქმიანობის შესწავლას ითხოვს
ექიმი ინდირა კოპალეიშვილი, რომელმაც კლინიკა „უნიქალმედი“ 7 თვის წინ დატოვა, შესაბამის სამსახურებს კლინიკაში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. ექიმი ამბობს, რომ კლინიკიდან იძულებით წამოვიდა.
“7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი, კლინიკა დამეტოვებინა.
შეიძლება გარედან ჩანდეს, თითქოს არაფერი მომხდარა და ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდა. მაგრამ მე არ დამვიწყებია არც ის, რაც მოხდა, არც ის კითხვები, რომლებზეც დღემდე პასუხი არ მიმიღია.
დღეს საჯაროდ ვსვამ რამდენიმე კითხვას და მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ არსებული მდგომარეობა და გასცენ ობიექტური პასუხები:
• რამდენმა თანამშრომელმა დატოვა კლინიკა ბოლო პერიოდში და რა გახდა მათი წასვლის მიზეზი?
• რამდენ თანამშრომელს აქვს მოთხოვნა კუთვნილი შრომის ანაზღაურების მიღებაზე?
• სრულდება თუ არა რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები და რა შედეგებით?
• ბარიატრიული მიმართულების მიღმა — და ამ მიმართულებას შეგნებულად არ ვაფასებ — როგორია კლინიკის რეალური დინამიკა, განვითარება და საქმიანობის შედეგები?
• რამდენ ადამიანს დასჭირდა საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა?
• კიდევ რამდენ ადამიანს უნდა შეეხოს ზეწოლისა და დისკრიმინაციის საკითხი, რომ შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინონ?
ვითხოვ ადეკვატურ რეაგირებას— სიმართლეს, ობიექტურობას და სამართლიანობას. სამართლიანობას დრო არ უნდა სჭირდებოდეს იმდენი, რომ ადამიანმა მისი არსებობის დაჯერება დაკარგოს,”-ამბობს ინდირა კოპალეიშვილი.
ცნობისთვის, ექიმი “უნიქალმედი”-ს ხელმძღვანელს კახა ნურალიძეს ძალადობაში ადანაშაულებდა. თავის მხრივ, მომხდარს უარყოფდა თავად კახა ნურალიძე.





