TOPNEWS » სამართალი » ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის ოჯახის ძალადობა ქალზე-ნანა თვალაძე დახმარებას ითხოვს

ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის ოჯახის ძალადობა ქალზე-ნანა თვალაძე დახმარებას ითხოვს

ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის ოჯახის ძალადობა ქალზე-ნანა თვალაძე დახმარებას ითხოვს

ნანა თვალაძე-იდაძე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალია. ახალგაზრდა ქალი წლების განმავლობაში სისტემატიურ ძალადობას განიცდიდა როგორც ქმრის, ისე მისი ოჯახის მხრიდან. ნანა  თვალაძე-იდაძე ამბობს, რომ მისი ქმრის, ნიკოლოზ იდაძე-ნიშნიანიძის ოჯახი ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულია, ქუთაისში აქვთ დიდი ბიზნესები და სარგებლობენ გავლენებით. მეუღლის ოჯახი ახალგაზრდა ქალს ამჯერად შვილის წართმევით ემუქრება, რადგან ნანა თვალაძე-იდაძემ მეუღლეს ძალადობისთვის პოლიციაში უჩივლა. 

„ჩემი მეუღლე ნარკოდამოკიდებული იყო. როდესაც დავოჯახდით, მეც მაიძულებდა ნარკოტიკების მიღებას, ასევე, მაიძულებდა მისი მეგობარი კრიმინალური მაფიის წევრების ჩვენს სახლში მასპინძლობას, რასაც მე ვეწინააღმდეგებოდი. მე არ მომწონდა მისი ცხოვრების წესი. მან დაიწყო ჩემზე ძალადობა. ეს იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად, 2006 წელს ხერხემალზე ოპერაციის გაკეთებაც მომიწია. ჩემს მშობლებს, ჩემს ოჯახს აკრძალული ჰქონდათ ჩემი დახმარება. დედას და მამას ჩემი ქმრის ოჯახი ემუქრებოდა, რომ თუ ჩემს დახმარებას გაბედავდნენ, შვილიშვილს, ჩემს შვილს, რომელიც ჩემი მშობლების ცხოვრებაში ნათელი წერტილი იყო, ვერასდროს ნახავდნენ,“-გვიყვება ნანა თვალაძე-იდაძე. 

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალის თქმით, ნარკოდამოკიდებულების მიზეზით, მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც, 2015 წელს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდა. ნანა ფიქრობდა, რომ ამჯერად მაინც შეძლებდა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას-იპოვიდა სამსახურს და დაკავდებოდა საყვარელი საქმით, თუმცა ქმრის შემდეგ, ქალის მიმართ ძალადობა ქმრის მეუღლემ გააგრძელა. 

„ჩემი ქმრის ძმა კახაბერ იდაძე ცნობილი ბიზნესმენია. ის დიდი გავლენებით სარგებლობს. ქუთაისში აქვს ბიზნესები. 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დიდი კომერციული შენობა, სადაც 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნების“  ცენტრალური შტაბი იყო განთავსებული, მას ეკუთვნის. ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია და ბიზნესებსაც მათი დახმარებით აფართოებს. ჩემი მაზლი, ისევე როგორც ჩემი ქმარი, თვლიდა, რომ მე სახლში უნდა ვყოფილიყავი. როდესაც სამსახურის ძიება დავიწყე, დავდიოდი სხვადახვა ორგანიზაციაში გასაუბრებაზე, ეს კახაბერ იდაძემ მისი ოჯახის შეურაცხყოფად ჩათვალა და 10 წლის შვილთან ერთად, სახლიდან ქუჩაში გამომაგდო. რადგან ჩემი მშობლები ღიად ვერ მეხმარებოდნენ, ამის გაკეთება აკრძალული ჰქონდათ, ერთობლივი დანაზოგით თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლი ააშენეს, სადაც ქუჩაში აღმოჩენილი ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობდი. 

თბილისში ყოფნის პერიოდში დავიწყე სამოქალაქო საქმიანობა. ვეხმარებოდი ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ვმონაწილეობდი ქალთა უფლებების დაცვის მიზნით გამართულ საპროტესტო აქციებში. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მეც ჩავერთე მათ დასახმრებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების აქციაში. ეს რომ კახაბერ იდაძემ გაიგო, სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში და მე და ჩემ შვილს თბილისი დაგვატოვებინა. ამბობდა, რომ ჩემი ამგვარი საქციელით მის ოჯახს და მის ბიზნესებს საფრთხეს ვუქმნიდი. ჩემი ქმარი არც საზღვარგარეთიდან მაკლებდა მუქარებს. მეუბნებოდა, რომ მომკლავდა, თუ მისი ოჯახის წესებით არ ვიცხოვრებდი,“- ამბობს ნანა თვალაძე. 

ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა ქალმა 2023 წლის 9 სექტემბერს დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. ეს მას შემდგ მოხდა, რაც საქართველოში დაბრუნებულმა მისმა მეუღლემ ქალი საცხოვრებელ სახლში, ოთახში ჩაკეტა და მას დაწვით დაემუქრა. 

„სახლში მომივარდა სრულიად უკონტროლო. მთხოვდა ახსნა-განმარტებებს იმ ხალხზე, რომლებიც სოციალურ ქსელში განთავსებულ ჩემს ფოტოებზე რეაქციას გამოხატავდნენ. შემდეგ ჩამკეტა ოთახში და მეუბნებოდა, რომ დამწვავდა. აიღო დანა და დანით მიიყენა სხეულზე დაზიანებები. რომ არა ჩემი შვილი, ზურაბ ნიშნიანიძე, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მისი დახმარებით გამოვიქეცი ოთახიდან და მეზობლიდან პოლიციაში დავრეკე. კახაბერ იდაძის გავლენების წყალობით, ჩემმა მოძალადე ქმარმა საპატიმრო სულ რაღაც ორ დღეში დატოვა და გირაოს საფუძველზე გარეთ გამოვიდა. 

იმის გამო, რომ მე გავბედე და დავრეკე პოლიციაში, ჩემი ქმარი და მისი ოჯახი კიდევ უფრო უკონტროლო გახდა. მემუქრებიან ერთადერთი შვილის წართმევით. უნდათ, რომ საჩივარი გავაუქმო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ჩემს შვილს ვეღარასდროს ვნახავ. ჩემი ქმრის ძმა კახაბერ იდაძე არ მალავს, რომ დიდი გავლენა აქვს და მასთან მე ვერასდროს ვერაფერს გავხდები. ამიტომ, ავიყვანე ადვოკატი და დავიწყე ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა. მოვუწოდებ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებსაც, არასდროს შეეგუონ, არასდროს დაუხარონ თავი ძალადობას და არ დააგვიანონ მათი უფლებებისთვის ბრძოლა,“-ამბობს ნანა თვალაძე-იდაძე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu