“ არ შეიძლება ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში ელექტრონერგია ითიშებოდეს და უბნები რჩებოდეს წყლის გარეშე”
ქუთაისში მოსულმა დიდმა თოვლმა მთლიანი ქალაქის პარალიზება მოახდინა. გზები დროულად ვერ იწმინდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება, ფეხითაც ვერ გაივლის ადამიანი ისეთი მძიმე ვითარებაა-განცხადებას ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს წევრი, “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი ელეონორა არჩაია აკეთებს.
“გარდა გადაადგილებისა, ქალაქში ითიშება ელექტროენერგია, წყალი, გაზი. 21-ე საუკუნეში წამოუდგენელია უხვმა თოვლმა ეს გამოიწვიოს. მაშინ როდესაც ასეთი დიდთოვლობა ყოველთვის მოსალოდნელია, ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში სტიქიასთან ბრძოლის წინააღმდეგ გამოყოფილი თანხები თითქმის ნულამდეა დაყვანილი.
ცენტრალური ხელისუფლებაც არაა მზად უამინდობას ადეკვატურად შეხვდეს. არ შეიძლება ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში ელექტრონერგია ითიშებოდეს და უბნები რჩებოდეს წყლის გარეშე.
ისევ ჩვენ, მოქალქეები და ადგილობრივი ბიზნესი თუ შევიტანთ წვლილს და ვეცდებით, ჩვენი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია გავწმინდოთ თოვლისგან.
იმედია ეს დღეები გაკვეთილი იქნება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რათა მომავალში უამინდობას ბევრად მომზადებულად შეხვდეს ქუთაისი,”-ამბობს ელეონორა არჩაია.





