ხონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს მორიგ სხდომაზე მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, მონაწილეობითი ბიუჯეტირება და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა იმ ძირითად თემებს წარმოადგენდა, რის გარშემოც საბჭოს წევრებმა იმსჯელეს.
"ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მულტიფუნქციურ სპორტულ მოედანზე ადაპტირებული გარემოს შექმნა, ქალაქ ხონში საპირფარეშოს მოწყობა, ადგილზე საჭიროების მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის დაფუძნება, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დანერგვა და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების კვლევის ანგარიშის გაცნობა, ეს ის საკითხებია, რაზეც შეხვედრაში მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ.
საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის არსებობის საჭიროებასა და ცენტრალური ბულვარის ბავშვთა გასართობ სივრცეში სპეც საჭიროების მოზარდებისთვის ატრაქციონების დამატების თაობაზე.
ჩვენ ვალდებულები ვართ ვუზრუნველყოთ მოწყვლადი ფენების ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში. სწორედ ამიტომ, პირადად ვარ ჩართული ამ საბჭოს სამუშაო პროცესში და ჩემს გუნდთან ერთად მაქვს ვალდებულება აღებული ჩვენს მუნიციპალიტეტში შევქმნა ინკლუზიური გარემო. ხოლო, ეს შეხვედრები და მოსაზრებების გაზიარება, თქვენი რეკომენდაციები მოსმენა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამა (OGP Local), რომელის წარმომადგენლებიც საბჭოს მუშაობის შესახებ მცირე ვიდეორგოლის გადასაღებად საქართველოში ჩამოვიდნენ,"-აცხადებს ხონის მერი ლადო ჯურხაძე.