საქპატენტმა გეოგრაფიული აღნიშვნა „საზანოს ყველი“ დაარეგისტრირა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე “საზანოს ყველს” საქპატენტში გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა.
„საზანოს ყველი“ რძის ნაწარმია, რომელიც მზადდება ენდემური, ქართული მთის ჯიშის მსხვილფეხა საქონლის ნედლი რძისგან. მას აქვს ჭყინტი ყველისათვის დამახასიათებელი სასიამოვნო ნაზი გემო. „საზანოს ყველი“ მომრგვალებული ფორმის, თეთრი ფერის რბილი, ელასტიკური და ზომიერად მკვრივი პროდუქტია ოდნავ მოყვითალო პრიალა ზედაპირით. ეს რძის ნაწარმი ხასიათდება 45-50% ცხიმისა და 0-2 % მარილის შემცველობით, მომწიფებული ყველისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნასვრეტებით.
“საზანოს ყველის” წარმოების გეოგრაფიული არეალი მოიცავს თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ზედა და ქვედა საზანოს თემის სოფლებს. ამ პროდუქტისთვის საჭირო ნედლი რძის მიღება, დამუშავება, წარმოება ხორციელდება მხოლოდ ამ ტერიტორიაზე და ამ ადგილებში არსებულ საოჯახო მეურნეობებში. აღსანიშნავია, რომ ამ გეოგრაფიული არეალის მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა განსაკუთრებული ხარისხითა და თვისებებით გამორჩეული „საზანოს ყველის“ წარმოებააა. მისი განსაკუთრებულობა განაპირობა ადგილის ბუნებრივმა პირობებმა, სათიბ-საძოვრებზე წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის მცენარეულობამ და ნიადაგის შემადგენლობამ, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ყველის წარმოების ტრადიციულმა ცოდნამ და დამზადების ორიგინალურმა ტექნოლოგიამ.
“საზანოს ყველი” მიეკუთვნება მოუხარშავი ყველის ჯგუფს, ამოჰყავთ ხელით და „ხელურ ყველსაც“ უწოდებენ. საუკუნეების განმავლობაში “საზანოს ყველზე” მაღალმა მოთხოვნილებამ განაპირობა მისი მაღალი რეპუტაციაც. ამ არეალის მიმდებარედ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ყველის ბაზარიც შეიქმნა, სადაც დღესაც მიმდინარეობს საზანოსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 44 ადგილწარმოშობის დასახელება და 33 გეოგრაფიული აღნიშვნა. გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსის მინიჭება უზრუნველყოფს პროდუქტების დაცვასა და კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს სოფლის მეურნეობისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.





