ცაგერის სოფელ ზოგიშთან მისასვლელი ერთადერთი გზა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია.
როგორც სოფლის მკვიდრი სოფია ხვადაგიანი ამბობს, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს კლდე დაზიანდა, რის გამოც კლდის მასამ დაშლა დაიწყო.
"ლეჩხუმში ჩემს სოფელში, ჩემს სახლამდე მისასვლელად ერთადერთი გზა არსებობს, რომელსაც ამ ზაფხულს “სარეაბილიტაციო სამუშაოები” ჩაუტარდა. პროცესში შეეხნენ კლდეს, რომელშიცაა გზა გაჭრილი და სავარაუდოდ ძირი დაუზიანეს, რის გამოც კლდემ შლა დაიწყო. ცვივა ქვები, ლოდები და მოსახლება უდიდესი საფრთხის ქვეშაა.
აბრა დაგვიდგეს: გზაზე გადაადგილება არ შეიძლებაო, გვაფრთხილებენ. არადა კარგად იციან, რომ ამ გზის ალტერნატივა სოფელს არ აქვს და ტენდერის ვადებს თუ გავითვალისწინებთ, მომდევნო წლის აგვისტომდე ის გარესამყაროს უნდა მოწყდეს.
არა, ალტერნატიული გზაც გვაქვს - რიონის გადაცურვა ან საცალფეხო უღრანი ტყე, სადაც უამრავი დათვი და მგელია.
ხოდა, ეს პოსტი უნდა არსებობდეს. თუ ვინმეს რომელიმე ლოდი დაგვეცემა თავში, იცოდეთ “აბრაზე გამოკრული წესები “ არ დაგვირღვევია, უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა სოფელს,"-ამბობს სოფია ხვადაგიანი.