რა ბედი ეწევა ჭიათურის სოფელ შუქრუთს?
"სოფელ შუქრუთის დაცლა და მოსახლეობის იძულებით გასახლება არ მოხდება,"-განცხადებას ამის შესახებ ჭიათურის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლო პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს დაზიანებულ სახლებში მცხოვრები ოჯახების სოფლის ფარგლებს გარეთ გასახლება და შესაბამისად, შუქრუთის დაცლა იგეგმება.
"ჭიათურის მუნიციპალიტეტი კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სოფელ შუქრუთის დაცლა და მოსახლეობის იძულებით გასახლება არ მოხდება! დაზიანებული სახლების მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილის შესაბამისად ისარგებლონ შეთავაზებული წინადადებებით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს სრულად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა შუქრუთის მოსახლეობის წინაშე და თითოეულ ოჯახს თანადგომას უცხადებენ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ შუქრუთის მოსახლეობის მხარდაჭერა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მერია და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებენ მათ თანადგომას და საჭიროებების გათვალისწინებას, დაიცავენ თითოეული ოჯახის საკუთრებასა და კანონიერ უფლებებს,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





