საჩხერეში კონკურს-ფესტივალი "ქართული საგალობლები" გაიმართა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, მეორე დღეს, თემატური კონფერენცია, მასტერკლასი და საეკლესიო ღვინის კონკურსი მოეწყო.
ჟიურიმ, ეთნომუსიკოლოგების მალხაზ ერქვანიძის, ქეთევან მათიაშვილის, მაგდა სუხიაშვილის, ნანა ვალიშვილისა და თეა კასაბურის შემადგენლობით, 15 მონაწილე გუნდს შორის გამარჯვებულები გამოავლინა.
მგალობელთა გუნდებს შორის პირველი ადგილი წყალტუბოს წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდმა აიღო, გუნდს ფულადი ჯილდო, 2 000 ლარი გადაეცა. მეორე ადგილი - ქუთაისის აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჭონა“, გუნდს ფულადი ჯილდო, 1 500 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილი - თბილისის ანსამბლმა „მარგალიტი“, გუნდს ფულადი ჯილდო, 1 000 ლარი გადაეცა. ნომინაციაში „საუკეთესო რეგენტი“ გაიმარჯვა ტატიანა მეგრელიძემ, მას ფულადი ჯილდო, 1 000 ლარი გადაეცა, ხოლო „ჟიურის რჩეული რეგენტის“ წოდება ვასილ ნემსაძეს ერგო.
საეკლესიო ღვინის კონკურსში პირველი ადგილი აიღო ცხამის ღვინომ „საჩხერული მწვანე“, გამარჯვებულს ფულადი ჯილდო, 500 ლარი გადაეცა. მეორე ადგილი - ბორჯომის, ტიმოთესუბნის „რქაწითელმა“. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო, 400 ლარი გადაეცა; მესამე ადგილი კი სხვიტორის „ოცხანურის საფერემ“ დაიკავა, გამარჯვებულს ფულადი ჯილდო, 300 ლარი გადაეცა.
ფესტივალ „ქართული საგალობლების“ ისტორია 28 წელს ითვლის და მისი დამაარსებელი და ორგანიზატორი ლია ვეშაპიძეა. კონკურს-ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერია საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ასევე - ა(ა)იპ „შემოქმედებითი საქართველო“, ფონდი „ქართული გალობა“ და შპს „ავერსი“.





