ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ახალი დირექტორი ჰყავს
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე ნანა კვინიკაძის კანდიდატურა წარადგინა.
ნანა კვინიკაძე ამ დრომდე ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებდა. მას 36-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება და დირექტორის პოზიციაზე მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება აქვს.
მერის პირველი მოადგილის განცხადებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქმიანობის მიმართულებით მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივების განხორციელება და არსებული რესურსის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება.
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას კიდევ უფრო მკაფიოდ დავანახოთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საინტერესო გარემოა შექმნილი. მართალია, ამას უკვე ვახერხებთ, თუმცა აქ არსებული რესურსის კიდევ უფრო სწორად და ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს. საჭიროა სიახლეები და ახალი ხედვები.
მე ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი ნანა კვინიკაძის კანდიდატურის. დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარები ამ მიმართულების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას მოგვცემს“, — განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
„უდიდესი მადლობა მერიას გამოცხადებული ნდობისთვის და დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის. ვეცდები, გავამართლო ეს მოლოდინი. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ — საქმეში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. მთავარია, დავინახო ინიციატივები და თქვენთან ერთად ვეცდები, ის კიდევ უფრო განვავითაროთ“, — აღნიშნა ნანა კვინიკაძემ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მოვალეობას ამ დრომდე მაია ბლუაშვილი ასრულებდა. მერის პირველმა მოადგილემ მას გაწეული საქმიანობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.





