ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი სულხან გოგოლაშვილი პოლიტიკაში თეატრალების ჩართვასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს. მისი თქმით, სპექტაკლის შემდეგ სცენაზე გამოსვლა და დამოძღვრა მიუღებელი არის, რადგანაც თეატრში განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მაყურებელი ზის.
"რას ნიშნავს პოლიტიკა უნდა იყოს თეატრში?! დიახ, პოლიტიკა უნდა იყოს და ამის გარეშე არ არსებობს თეატრი, რადგან თეატრის ენით, ანუ შემოქმედებით, ხაზგასმით ვიმეორებ - შემოქმედებით!!! - უნდა ესაუბრო საზოგადოებას; შენი შემოქმედებით უნდა დაანახო რეჟისორმა და მსახიობმა, რაა სიმართლე და რა - არა!
მერე მე, მაყურებელი ამ შენი შემოქმედებით დამარწმუნე და მიმახვედრე, რაა სიმართლე, რომ გამოგყვე! მე ამ შენს სიმართლეს მივიღებ თუ არა, ჩემი გადასაწყვეტია ჩემში ჩუმად და არა სახალხოდ! რატომ მართმევ ამის უფლებას?! იქნებ დამალულად მინდა გადაწყვეტილების მიღება?! ... და შენ აპლოდისმენტებით მაიძულებ დაგეთანხმო?! ანუ ავანტიურისტი ხარ?! იმ დარბაზში იქნებ შენს აზრზე მხოლოდ 20%-ია?
პოლიტიკა აუცილებლად, მაგრამ მხოლოდ შემოქმედების ენაზე! - აი, ასე უნდა იყოს გამოხატული პოლიტიკა თეატრში.
სპექტაკლის შემდეგ სცენაზე გამოსვლა და დამოძღვრა არის მიუღებელი, რადგანაც თეატრში განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მაყურებელი ზის და შენი მოძღვრება ბევრისთვის მიუღებელია! ამიტომ ნუ შემაძულებ იქ მოსვლას. რეჟისორის, მსახიობის დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენასთან თეატრში უნდა გამოიხატოს მხოლოდ შემოქმედებით. დანარჩენი ისაუბრე ინტერვიუში, შენს პირად გვერდზე და კომენტარებში,"-წერს სულხან გოგოლაშვილი.