ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ 996 600 ლარის პროექტების საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, ტყიბულში შემდეგი პროექტები განხორციელდება:
გელათის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი - “ინტერაქციული სივრცე”
“ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლა”, სადაც განთავსდება და საქმიანობას გააგრძელებს ტყიბულის სამხატვრო სკოლა.
ცუცხვათის მღვიმეში ჩასასვლელი კიბე და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ტურისტული ხელმისაწვდომობისთვის.
" საპროექტო იდეებმა პროექტ „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის” (EU4ITD) - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის (CESL) ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. CESL არის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PRDP) თანმდევი ღონისძიება, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და აღნიშნულთან დაკავშირებით, CESL-ის განხორციელებაზე პასუხისმგებელ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას შორის უკვე გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება პროექტზე: “ტყიბულის ისტორიულ უბანში ურბანულად განახლებული გელათის ქუჩის ინტერაქციული სივრცე“ - გრანტის მოცულობა - 257 600 ლარი. ხოლო, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება დარჩენილი 2 პროექტის საგრანტო ხელშეკრულებებს:
ქალაქ ტყიბულში “ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის მოწყობის პროექტი” (541 000 ლარი).
”ცუცხვათის მღვიმის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის” პროექტი (198 000 ლარი).
სამუშაოები 2024 წელს განხორციელდება,"-აცხადებენ ტყიბულის მერიაში.