ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა
დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სისტემა, შევქმენით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი - მთავრობის ხელშეწყობით, 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოლოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა, დასაქმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა და ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ის ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.
„აქ იფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO-ს საერთაშორისო ტექნოლოგიური სკოლა, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, სტარტაპებისთვის განკუთვნილი სივრცეები და თანამედროვე ლაბორატორიები - რობოტიკის, ელექტრონიკის, დრონების, ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობისა და სხვა მიმართულებებით. ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვინაიდან ძლიერი ტექნოლოგიური ჰაბი ძლიერი უნივერსიტეტის, კვლევითი გარემოსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარეშე ბუნებრივია, ვერ განვითარდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი ქმნის სწორედ იმ აკადემიურ და სამეცნიერო საფუძველს, რომელიც ჰაბს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს არა მხოლოდ სასწავლო და სამუშაო სივრცე, არამედ კვლევის, ახალი ცოდნისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის ცენტრი. თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხელს შეუწყობს, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს. თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი - შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და პროექტის წარმატებით განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. ახლად გახსნილი ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ პრეზენტაცია გამართა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის - ტექნოლოგიური მუზეუმი, სადაც ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკის 50 თანამედროვე ექსპონატია გამოფენილი. პრემიერი ასევე გაეცნო მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს და Tumo-ს სასწავლო სივრცეს, რომელიც პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს აერთიანებს.





