ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდღვაბუნაში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქართულ - ჰოლანდიური საწარმო "სამეფო კალმახის სალიფსიტე" გაიხსნა.
" მეამაყება, რომ დღეს ხონში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვხსნით. 2 წლის წინ იყო მხოლოდ იდეა და აზრი, რომელსაც ბევრი ბარიერი ჰქონდა, მაგრამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, შევძელით კერძო სექტორისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ ხონში ეკონომიკური აქტივობის ახალი მიმართულებისათვის ჩაგვეყარა საფუძველი.
ამ პროექტის დასაწყებად მნიშვნელოვანი იყო საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო- არსებობის მანძილზე პირველად სოფელ დიდღვაბუნაში დაიგო გზა.
თავის მხრივ ქართულ- ჰოლანდიურმა ბიზნეს ჯგუფმა უზრუნველყო თანამედროვე საწარმოს ფუნქციონირება.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ხონში, მეტი ადამიანის ჩართვა აქტიურ ეკონომიკაში და მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
საერთო ჯამში, დღეს დიდღვაბუნაში გვაქვს წარმატებული და პერსპექტიული საწარმო, სადაც პირდაპირ 15 მოქალაქე დასაქმდება და ირიბად ეს ინვესტიცია ასობით ოჯახს მოუტანს სარგებელს.
"სამეფო კალმახის სალიფსიტე" მაღალი ხარისხის, ჯანმრთელ და დაავადებების მიმართ მაღალი რეზისტენტობის მქონე ლიფსიტებს თავაზობს აკვაკულტურაში ჩართულ მეწარმეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აღნიშნული დარგით დაინტერესებულ მეწარმეებს კონსულტირებას ჰოლანდიელი ექსპერტები და სპეციალისტები გაუწევენ, გაიმართება ტრენინგები და სასწავლო სემინარები.
აღნიშნულმა პროექტმა, რომელიც კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია, სტიმული მისცა საკალმახე მეურნეობების განვითარებას-უახლოეს მომავალში ხონში სამი ახალი საკალმახე მეურნეობის გახსნა იგეგმება,"-ამბობს ხონის მერი ლადო ჯურხაძე.