რეკლამა

“ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი ემოციებით მანიპულირება მოახდინონ. ჩვენი ძალა ერთობაშია, პატივისცემასა და ურთიერთგაგებაში”

“ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი ემოციებით მანიპულირება მოახდინონ. ჩვენი ძალა ერთობაშია, პატივისცემასა და ურთიერთგაგებაში”

საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს. დეპუტატი საზოგადოებას გახლეჩის მაგივრად, ერთიანობისკენ მოუწოდებს. 

 “მოდით, თითოეულმა დავფიქრდეთ,
ბოლო დროს სხვა და სხვა საინფორმაციო არხებიდან ბევრ ადამიანს ესმის სიტყვები, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება და ერთი შეხედვით, თითქოს სამართლიანად ჟღერს და ემოციურად მოქმედებს, მაგრამ რეალურად ძლიერი და საშიში მანიპულატორული იარაღია. მაგალითად, ფრაზა როგორიცაა: 

“როცა ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ მტრების სიტყვებზე მეტად, ჩვენი მეგობრების დუმილი გვემახსოვრება”

ასეთი სიტყვები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – საზოგადოების გახლეჩვას.

ეს არ არის შემთხვევითობა. ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს უნდობლობის გაღვივებას ერთმანეთის მიმართ. ამ გზით მეგობრები, მეზობლები და ოჯახის წევრებიც კი განშორდებიან ერთმანეთისგან. ამის შემდეგ იწყება მტრის ხატის შექმნა „ჩვენს შორის“. ადამიანები, რომლებიც თავიანთ პოზიციას არ აფიქსირებენ, თავს იკავებენ ან მათთვის არა სასურველ კითხვებს სვამენ, მტრად წარმოგვიდგენენ, და მთელი ეს სქემა ხელს უწყობს შიდა კონფლიქტების გაღვივებას.

რატომ იყენებენ ამას? მიზანი მარტივია – რაც უფრო დაყოფილია საზოგადოება, მით უფრო სუსტია ქვეყანა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ვერ გავუძლებთ ამ გახლეჩვას. ეს არ არის უბრალო ემოციებით თამაში – ეს არის კარგად დაგეგმილი სტრატეგია, რომელიც აშკარად ემსახურება ჩვენთვის დამაზიანებელ მიზნებს.

საზოგადოებაში ამგვარი დაძაბულობა ხელს უშლის პროგრესს. ადამიანები ხდებიან ემოციურად გადაღლილები, რეალური პრობლემები ფარდის უკან რჩება, და ჩვენ ვხდებით უფრო ადვილი სამიზნე მათთვის, ვისაც სურს ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის გაკონტროლება.

მოდით, არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ტექნოლოგიებს, დაგვაშორონ ერთმანეთს. მოდით, თითოეულმა დავფიქრდეთ – რას ემსახურება ასეთი სიტყვები? ვის აწყობს ის, რომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიდგეთ? ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ნებისმიერი გარე თუ შიდა ძალა, რომელიც ჩვენს სისუსტეს ეძებს.

ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი ემოციებით მანიპულირება მოახდინონ. ჩვენი ძალა ერთობაშია, პატივისცემასა და ურთიერთგაგებაში. ნუ მივცემთ ამ ტაქტიკას საშუალებას, გაგვყოს და ჩვენი საერთო მომავალი საფრთხეში ჩააყენოს. ჩვენ ერთი ერი ვართ და ერთად ყველაფერს შევძლებთ!,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები