TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში უნივერმაღის ამორტიზებული შენობა მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნება

ხარაგაულში უნივერმაღის ამორტიზებული შენობა მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნება

ხარაგაულში უნივერმაღის ამორტიზებული შენობა მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნება

ხარაგაულის მერია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს — ყოფილი უნივერმაღის შენობა სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე მრავალფუნქციურ ახალგაზრდულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრად გარდაიქმნება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით უკვე მოხდა  პროექტის შეძენა,  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პროექტზე მომუშავე კომპანიის შპს „არქიტავრი 21“-ის სპეციალისტებთან ერთად სარეაბილიტაციოდ გამზადებული შენობა ადგილზე დაათვალიერა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, სახურავის სრული შეცვლა, ფასადის განახლება და უკანონო მიშენებების დემონტაჟი. აღნიშნული სამუშაოებისთვის უკვე გამოყოფილია 700 000 ლარი.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოხდება დამატებითი დაფინანსების მოძიება და დაიწყება მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც შენობის შიდა სივრცეების კეთილმოწყობას და  ფუნქციურ დატვირთვას ითვალისწინებს.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე სივრცე სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად — მოეწყობა ახალგაზრდული და ტურისტული ცენტრები, მრავალფუნქციური დარბაზები, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები. მოეწყობა თანამედროვე ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები, ხოლო სივრცე სრულად ადაპტირდება შშმ პირებისთვის — მათ შორის სპეციალური ლიფტის მოწყობით.

„ეს პროექტი ხარაგაულისთვის უბრალოდ შენობის რეაბილიტაცია არ არის — ჩვენ ვქმნით ახალ სივრცეს ახალგაზრდებისთვის, კულტურისთვის, ტურიზმისა და განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტში არსებობდეს თანამედროვე, ფუნქციური და ღირსეული სივრცე, რომელიც ერთდროულად მოემსახურება ახალგაზრდებს, ადგილობრივ საზოგადოებასა და ბიზნესს. პირველი ეტაპი, რომელიც პროექტირებას მოიცავდა, დასრულებულია. უახლოეს პერიოდში  განხორციელდება სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხს და სამუშაოები მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება,“ -განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

პროექტის დასრულების შემდეგ ხარაგაული მიიღებს თანამედროვე, სრულად განახლებულ მრავალფუნქციურ სივრცეს, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარების, ახალგაზრდული აქტივობებისა და ტურისტული მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu