საქართველოდან თაფლის ექსპორტი შემცირდა. თუ 2023 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 762 ათასი დოლარის 110 ტონა თაფლი გავიდა, 2024 წელს კი ექსპორტის მოცულობა ჯერჯერობით მხოლოდ 14 ტონას შეადგენს, რომლის ღირებულებაც 86 ათასი დოლარია.
როგორც ,„ბიზნესპრესნიუსთან“ თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ალეკო პაპავა აცხადებს, „პრობლემა ის არის, რომ თაფლი არ გვაქვს და ამიტომაც არის დეფიციტი ექსპორტის კუთხით. მაისში ველოდებით ახალ მოსავალს და სწორედ ივნისის მერე ევროკავშირში დიდი ოდენობით თაფლის ექსპორტი განახლდება“.
მისი თქმით, მოსვლიანობა ძირითადად კლიმატზეა დამოკიდებული.
„შარშან აკაციისა და წაბლის ყვავილობას დაემთხვა წვიმები, შესაბამისად, თაფლის მოსავალი ვერ მივიღეთ ისეთი და იმდენი, როგორც ვფიქრობდით, შედეგიც ლოგიკური იყო - 2022-ში ექსპორტი 247 ტონაზე მეტი გვქონდა, ხოლო 2023 წელს 110 ტონამდე. ევროკავშირი ძირითადად ამ ორი სახეობის თაფლით არის დაინტერესებული.
რაც შეეხება კანადას, იაპონიას, აქ ძირითადად ბრენდირებული პარტიები გავიდა და წელს ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 14 ტონას შეადგენს“, - განაცხადა მან.
ალეკო პაპავამ ფასზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს დაახლოებით, 10-15%-იან გაძვირებას ელოდებიან.
„გააჩნია, როგორია მოსავლიანობა: თუ მოსავლიანობა დიდია, ფასი მცირდება, ხოლო თუ მოსავალი ცოტაა - გაიზრდება. ბაზარზე მოთხოვნა დიდია და ამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ, შესაბამისად ფასებიც გაიზრდება“ - აცხადებს ის.
ასოციაციის თავმჯდომარემ თაფლის წარმოების პრობლემებზეც ისაუბრა და მისი გადაჭრის აუცილებლობად სახელმწიფოს ჩართულობაც დაასახელა.
„იმისათვის, რომ ამინდზე და კლიმატურ პირობებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, აუცილებელია თაფლოვანი ხეების გაშენება: აკაციის, წაბლის, ცაცხვის ხეების. ასევე კონვეირის თემაა შესამუშავებელი, რათა მუდმივად იყოს ყვავილოვანი მცენარეები. ეს ყველაფერი რომ მოგვარებული გვქონდეს, თაფლის ფასებიც დაიწევს და გავხდებით უფრო კონკურენტუნარიანი. ამაში სახელმწიფოს ჩართულობაც აუცილებელია და ამ კუთხით დახმარებას უკვე დაგვპირდნენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სკების პრობლემა - აუცილებელია არსებული არასტანდარტული სკების სტანდარტულით ჩანაცვლება. 1 ფუტკრის ოჯახი 10-15 კილოგრამ თაფლს იძლევა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამ პრობლემების ნაწილიც რომ მოგვარდეს, გაცილებით კარგ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა პაპავამ.