ქუთაისის საკრებულოს წევრი, პარტია "საქართვლოსთვის" დეპუტატი ელეონორა არჩაია ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას ითხოვს. არჩაიას თქმით, ბიბლიოთეკა დღემდე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ის სასწრაფოდ საჭიროებს განახლებას და ახალ თანამედროვე სივრცეს საცავებისთვის.
"რამდენიმე დღის წინ ბიბლიოთეკამ 150 წლის იუბილე აღნიშნა. ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი საჯარო ბიბლიოთეკა არა მარტო ქალაქის, არამედ მთლიანად საქართველოს სიამაყეა. მასში ინახება ერთ მილიონამდე უნიკალური საბიბლიოთეკო დოკუმენტი და წიგნები. ბიბლიოთეკამ წლების მანძილზე უამრავი დაბრკოლება და კრიზისი დაძლია და ჩვენამდე მოიტანა ის უნიკალური ბაზა, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენი ისტორიის, ასევე განათლების და წიგნიერების გავრცელების კუთხით. მის არსებობაში უმთავრესი წვლილი ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მიუძღვით, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რომ ეს საგანძური შემოუნახონ მომავალ თაობებს. განვმეორდები, რომ მათი ღვაწლი და ამაგი შეუფასებელია.
ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიბლიოთეკა დღემდე სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ის სასწრაფოდ საჭიროებს განახლებას და ახალ თანამედროვე სივრცეს საცავებისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია ჩაიდოს მეტი ფინანსური რესურსი, რათა ბიბლიოთეკამ მოახერხოს თანამედროვე სტანდარტებთან დროული ადაპტირება. წლების მანძილზე ვისმენთ სხვადასხვა დაპირებებსა და გეგმებს, თუმცა დღემდე არსებული პრობლემები მოუგვარებელი რჩება. ვიმედოვნებ, 150 წლის იუბელე იქნება გარდამტეხი ბიბლიოთეკისთვის და ის მიიღებს შესაბამის რესურსს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან,"-აცხადებს ელეონორა არჩაია.