ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები და მასწავლებლები, უკვე, მესამე წელია ახალ სასწავლო წელს, სხვადასხვა სკოლებში ხვდებიან.
რატომ გაჭიანურდა რეაბილიტაციის სამუშაოები და იხარჯება თუ არა რემონტისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად?
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მიქაუტაძემ საკითხთან დაკავშირებით, სკოლის შენობასთან ბრიფინგი მოაწყო. მისი განცხადებით, სკოლა, სადაც 2000-მდე მოსწავლე სწავლობს, 2021 წლის სექტემბერში უნდა შესულიყო ექსპლოატაციაში.
"მიუხედავად ქალაქის მთავრობის არაერთი დაპირებისა, სარეაბილიტაციო სამუშაობი სამი წელია გრძელდება და პროცესში რამდენიმე სამშენებლო კომპანია გამოიცვალა.
რამდენიმეჯერ ჩატარებულმა ტენდერებმა, მშენებლობის დასრულების ვადები, ბევრჯერ გადასწია და ახლა უცნობია, როდის დამთავრდება სკოლის რეაბილიტაცია.
გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მშობლებიცა და მასწავლებლებიც, თუმცა ქუთაისის თვითმმართველობაში ეს საკითხი ნაკლებად აღელვებთ,"-ამბობს მიქაუტაძე.