იმერეთის სამ სოფელში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვანში, ქალაქ ბაღდათსა და ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია და კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.
ქალაქ ვანში იგეგმება 42 კმ.-იანი წყალმომარაგებისა და 47 კმ-იანი წყალარინების ქსელების მშენებლობა, ასევე მოეწყობა 5 კმ სანიაღვრე სისტემა.
ბაღდათში აშენდება 41 კმ. წყალმომარაგების, 46.5 კმ. წყალარინებისა და 19 კმ. სანიაღვრე ქსელი.
ქალაქ სამტრედიაში მიმდინარეობს 200 კმ წყალმომარაგებისა და 145 კმ წყალარინების ქსელის მოწყობა, დაგეგმილია 30 კმ სანიაღვრე სისტემის მშენებლობა.
სამივე ქალაქს დაემატება ჭაბურღილები, სატუმბი სადგურები, SCADA სისტემები და განახლდება არსებული ობიექტები.
გარდა ამისა, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, იგეგმება წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
პროექტების ჯამური ღირებულება 150 მლნ. ევროზე მეტია და სახელმწიფო ბიუჯეტისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 2025-2026 წლებში 24-საათიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და სრულად განახლებული წყალარინების ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.