“ქალაქ ვანში მოეწყობა 42 კმ წყალმომარაგების ქსელი, აშენდება ორი ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს”

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვანში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.
პროქტის მიხედვით, ქალაქ ვანში მოეწყობა 42 კმ წყალმომარაგების ქსელი, აშენდება ორი ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს და მოეწყობა SCADA-ს სისტემა. დღეის მდგომარეობით, დასრულებულია წყალმომარაგების 16კმ ქსელის მშენებლობა.
დაგეგმილია წყალარინების 47კმ ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ერთი დიდი, 15 პატარა სატუმბი სადგურის მშენებლობა და დაახლოებით 5კმ სიგრძის სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
ქალაქ ვანის მოსახლეობა - 4 000-მდე ბენეფიციარი 2025 წლის ბოლოდან 24 – საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 2026 წლიდან კი ქალაქში წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება.
მასშტაბური პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, ღირებულება 65 მილიონ ლარზე მეტია.
წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ვანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. ამ დროისთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი, მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები.