ქუთაისში “მუსიკის დღეები” დასრულდა

ქუთაისში „მუსიკის დღეები 2025“ ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გალა კონცერტით დასრულდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედმა“, ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალებმა - მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა და სამუსიკო სკოლებმა, ქუთაისის სიმფონიურმა ორკესტრმა რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.
“მუსიკის დღეები 2025“ 4 ივნისს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქუთაისში სხვადასხვა მუსიკალური აქტივობა გაიმართა. ჩატარდა ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის ერთობლივი კონცერტი და მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაერთიანებასა და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის. წლევანდელ მუსიკის დღეებს საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობდა მუსიკოსი და კომპოზიტორი დავით ევგენიძე.
“მუსიკის დღეები“ ტრადიციულია და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით ყოველ წელს იმართება. (პროექტის ავტორი: ბაია კოღუაშვილი). „მუსიკის დღეები 2025“ მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლისთავს მიეძღვნა. პროექტის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.