27 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება
27 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება.
მარხვა 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობას დამთავრდება.
ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღება შეეძლებათ.
ზოგადად, შობის მარხვა იწყება 28 ნოემბრიდან, მაგრამ ვინაიდან წელს 27 ნოემბერი არის ოთხშაბათი, ამიტომ მარხვაც იწყება 27 - დან.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური.





