ხალხში არსებული ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, დიდი ხნის წინ, სვანეთში ძმებმა სოფრომიანებმა თავადი მოკლეს, შემდეგ ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლდნენ, გვარი კი სოფრომაძედ გადაიკეთეს.
რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს-ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ: ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება, იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო.
მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც მთის თავზე დაფრენილა.
სულ ხელით აუზიდავთ ქვები დაბლიდან სოფრომაძეებს მთაზე, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შრომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი ააგეს.
ცხრაჯვარი - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, ზღვის დონიდან დაახლოებით 1600 მ. ნაქერალას უღელტეხილთან — ულამაზესი ლოკაცია, ფანტასტიკური ხედით რომელელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ.
წყარო: ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
ფოტო: კაკი ქარჩხაძე