ჭიათურის შემდეგ, მულტიფუნქციური ცენტრი ქუთაისში იხსნება. სიახლის შესახებ ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე წერს.
"დროა არაჩვეულებრივი წამოწყებების განზომილებაში გადავინაცვლოთ და ათასწლოვან ქალაქში მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის შესახებ გამცნოთ.
ახალი, თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესაქმნელად ჩამოვაყალიბეთ ყველაზე დაუღალავი და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმა - ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი.
ჩვენი მისია უკეთესი მომავლის შესაქმნელად მოტივირებული ქუთაისელი ახალგაზრდებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობაა.
ვეცდებით, არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე მათ აქტიურ ინტეგრაციას.
ამ გზაზე კი ჩვენს ძირითად პრინციპს დავეყრდნობით - განათლება იქნება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიების სრულიად უფასოდ შეისწავლის ქუთაისში მცხოვრები ყველა ახალგაზრდა.
პარალელურად კი გავუფრთხილდებით და განვავითარებთ ყველაფერს, რაც ქუთაისს გამორჩეულსა და უნიკალურს ხდის.
დაგველოდეთ, სულ მალე უძვირფასესი სიახლეებით დაგიბრუნდებით,"-წერს პატარიძე.