ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეთა პრეტენზიებს პასუხობს. კომპანიის განმარტებით, კონკრეტული მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკების დარღვევას ქალაქში შექმნილი საცობები იწვევს.
"ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ემსახურება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დადგენილი გრაფიკითა და სვლაგეზით მგზავრთა გადაყვანას.
დღეის მდგომარეობით, ვემსახურებით 12 საავტობუსე და 9 მიკროსაავტობუსე სვლაგეზს, ჯამში 65 სატრანსპოტო ერთეულით.
მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია ორიენტირებულია მგზავრთა კომფორტულ და სწრაფ გადაყვანაზე, მაგრამ, სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ფიქსირდება ფაქტები, რომლებიც, გარკვეულ დროს საჭიროებს, პრობლემების სიმძიმიდან გამომდინარე, სრულად გადასაწყვეტად. ისინი, ძირითადად, გამოწვეულია, ე. წ. პიკის საათებში, კერძოდ, 08:20 - დან 10:00 საათამდე, 12:40 - დან 13:30 საათამდე და 17:30 - დან 19:30 საათამდე, მგზავრთნაკადის მკვეთრი მატებით. აღნიშნულ დროებში, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე: რუსთაველის გამზირზე, ჭავჭავაძის გამზირზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის ქუჩაზე, წერეთლის ქუჩაზე იქმნება საცობები. სწორედ ეს საცობები იწვევს მნიშვნელოვან ჩამორჩენებსა და, შესაბამისად, დადგენილ გრაფიკებში ცვლილებებს განსაზღვრულ დროებში.
აღნიშნულ პრობლემებზე, თვითმმართველობასა და რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, მიმდინარეობს კომპლექსური მუშაობა ქუჩების გამტარუნარიანობის გასაზრდელად.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქალაქის თითოეულ მკვიდრსა და სტუმარს, ნებისმიერი შეფერხებისთვის. ჩვენი მიზანია მგზავრთა მომსახურების ხარისხის განუხრელი ზრდა, რასაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მივაღწევთ,"-აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.