ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრებ ახალგაზრდებს თვითდასაქმების შანსი ეძლევათ. ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ახალგაზრდებს საზაფხულო სკოლას სთავაზობს, სადაც ახალფაზრდები ახალ პროფესიებს დაეუფლებიან.
"თქვენთვის სასწაული ამბები გვაქვს მოსაყოლი! გამყოლთა საზაფხულო სკოლა დაიწყო, რომელიც ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს შანსს, პატარა ასაკიდან გახდეს თვითდასაქმებული, ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და წვლილი შეიტანოს რეგიონში ტურისტული პოტენციალის განვითარებაში.
პროექტი USAID/Georgia-სთან ურთიერთანამშრომლობით ხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება, სრულიად უფასოდ, შეუძლიათ ჭიათურის ან ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსწავლეებს, მერვედან მე-12 კლასის ჩათვლით.
საზაფხულო სკოლის განმავლობაში, პროექტის მონაწილეებს ისეთ დისციპლინებთან ექნებათ შეხება, როგორებიცაა საფეხმავლო გამყოლი, ველო ტურის გამყოლი, საცხენოსნო გამყოლი, თოკთან მუშაობა და კლდეზე ცოცვა. გარდა ამისა, დაგეგმილია ისეთი აქტივობები, რომელიც განავითარებს მოსწავლეების გუნდური მუშაობის უნარსა და პროფესიისთვის საკვანძო კომპეტენციებს,"-აცხადებენ ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში.