ხმაურით მიმდინარეობს ქუთაისის საკრებულოს სხდომა. სხდომაზე ხმაური პარტია "ახალი"-ს წარმომადგენლის, გიორგი კილაძის განცხადებამ
გამოიწვია. კილაძემ მმართველი გუნდის წევრებს საერთო განცხადების გავრცელება, "გამჭვირვალობის კანონზე" გამიჯვნა და თავის გადარჩენა ურჩია, რასაც "ქართული ოცნების" წევრების რეაქცია მოყვა.
მმართველი გუნდის წევრებმა საკრებულოს უმცირესობის წევრებს განუცხადეს, რომ კანონპროექტი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება.
"ქართულ ოცნებას" მოვუტანეთ ფოტოები, სადაც ასახულია იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც აქციაზე სცემეს. ეს კანონი არ არის არც ქართული, არც ამერიკული. ეს კანონი არის რუსული. "ქართულმა ოცნებამ" თვითონ გაითხარა საფლავი და მას მიწას დააყრის ქართველი ხალხი,"-ამბობს პარტია "ახალი"-ს წევრი თედო მესხი.
"ოპოზიციას არ აინტერესებს დღის წესრიგი, ქალაქის პრობლემები. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ის 84 ადამიანი, ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონის მიღებას, ოქროს ასოებით შევა ისტორიაში,"-ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მარეხ ნიჟარაძე.