რეკლამა

"ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად რჩება,"-რა წერია გაეროს ანგარიშში?

"ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად რჩება,"-რა წერია გაეროს ანგარიშში?

„ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რომ ოჯახები ფულადი გზავნილებით არჩინონ“ - ვკითხულობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ისინი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს, ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ პროფესიული წარმატების მიღწევისა და პოლიტიკურ, თუ საჯარო ცხოვრებაში ჩართვისთვის ქალებს ნაკლები დრო რჩებათ. ამის გარდა, დიდი ყურადღება ეთმობა იმ ფაქტსაც, რომ ათასობით ქართველი ქალი ემიგრაციაშია, რათა ფულადი გზავნილებით ოჯახი არჩინონ.

„საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს 5-ჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ეს ნაკლებ დროს უტოვებს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის. ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 25-34 წლის ქალების თითქმის ნახევარი არ მუშაობს, ათასობით ქალი ემიგრაციაში წავიდა, რათა ფულადი გზავნილებით ოჯახები არჩინონ.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება და ქალების ხმა ხშირად არ ისმის პოლიტიკის შექმნის პროცესში თუ გადაწყვეტილების მიღების დროს. სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების დანერგვის მიუხედავად, ქალებმა საპარლამენტო მანდატების მხოლოდ ერთი მეხუთედისა და საკრებულოს მანდატების ერთი მეოთხედის მოპოვება შეძლეს. საქართველოში ქალი კანდიდატების 54%-ს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა თუ შევიწროება საკუთარი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვა და წარმოჩენა, რათა ქალებმა თანასწორი ადგილი დაიკავონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სრულფასოვანად შეძლონ მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

„უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის აუცილებელია ქალთა უფლებების დაცვა და წარმოჩენა, რათა ქალებმა თანასწორი ადგილი დაიკავონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სრულფასოვნად შეძლონ მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეკონომიკის ყველა სექტორში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის, ქალებისა და გოგოების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისთვის კი საჯარო და კერძო სექტორებიდან ინვესტირებაა საჭირო. ყველა ქალისთვის ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფით, რაშიც დასაქმების დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაც მოიაზრება, ასევე, სამართლიანი ანაზღაურებითა და ქალების ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ფორმალურ დასაქმებაში გადმოყვანით, შესაძლებელი გახდებოდა როგორც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე ქალებისა და მათი ოჯახების სიღარიბიდან გამოყვანა. ამავდროულად, მეტი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებული ქალების მიმართ, რომლებმაც დიდი გამძლეობა გამოიჩინეს და ლიდერების როლები შეითავსეს თავიანთ თემებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.“ - წერია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები